გრიპის ვირუსი საქართველოში - ბოლო ინფორმაცია

„ღორის გრიპის" გამო საქართველოში 19 ადამიანი გარდაიცვალა
Sputnik

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. H1N1 ტიპის ვირუსი, ე. წ. ღორის გრიპი უკან იხევს, მაგრამ ეპიდემიის საშიშროება კვლავ არსებობს, განუცხადა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.

„აცრა აუცილებელია": მერის მეუღლე მოსახლეობას აცრებისკენ მოუწოდებს

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ასია ათას ადამიანზე 251 დაავადებულია. ეპიდემიად მიიჩნევა, როცა ეს რიცხვი მინიმუმ 450 ადამიანს აღწევს. ამ სეზონზე H1N1 ვირუსით 19 ადამიანი დაიღუპა.

იმნაძის განცხადებით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ გრიპმა უკან დაიხია, მაგრამ ის ჯერ არ გამქრალა და მაინც სიფრთხილე გვმართებს. მზად უნდა ვიყოთ თებერვლისთვის, რომ დაავადების შემთხვევების რაოდენობა არ გაიზარდოს. მისი თქმით, ხანდახან სეზონის მეორე ნახევარში გრიპის ვირუსს მეორე ვირუსი ანაცვლებს. შესაძლოა, ეს იყოს H1N1, H3N2, ან B ტიპის ვირუსი. წინასწარ პროგნოზი შეუძლებელია.

იმნაძემ ორსულებს გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ მოუწოდა და თან შეახსენა, რომ ორსულობისას აცრა წითელაზე არ შეიძლება. დღეიდან თბილისსა და რეგიონებში გრიპის ვირუსზე ორსულების უფასო აცრა იწყება.

რა არის „ტამიფლუ“ და რა შემთხვევაში შეიძლება მისი მიღება

უფასო ვაქცინაცია, პირველ რიგში, ორსულებს ეხება, რადგან ისინი რისკის ჯგუფში შედიან. სახელმწიფომ ამისთვის ვაქცინის სამი ათასი დოზა იყიდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო გრიპის ვირუსის მეორე ტალღისთვის მზადაა - ქვეყანაში საკმარისი რაოდენობით არის ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ".

გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, გრიპის კიდევ ერთი-ორი ან მეტი ტალღა დაფიქსირდეს. აუცილებელია არაა, რომ მეორე ტალღა თებერვალში იყოს, მაგრამ ქვეყანა მზად უნდა იყოს. მისი თქმით, ქვეყანა ამისთვის მზადაა.