თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ორი მამაკაცი დაიღუპა თბილისში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად, იუწყება Rustavi2.
შემთხვევა დღეს ვარკეთილში მოხდა. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გამათბობელმა გამოიწვია. ერთ-ერთი დაღუპული ბინის მეპატრონეა, დაახლეობით 70 წლის მარტოხელა მამაკაცი. მასთან სტუმრად იმყოფებოდა მისი მეზობელი, რომელსაც დილიდან ეძებდნენ.
გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო და თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
ბოლო დროს საქართველოში ბუნებრივი აირის გაჟონვის შემთხვევები გახშირდა. 16 იანვარს დიდ დიღომშიც მოხდა აფეთქება, რომელიც ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. იმ დღეს დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის – ოთხი წლის ბავშვი. საავადმყოფოებში მოათავსეს 8 დაშავებული – უმეტესობა ბავშვი.