ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ არ უცემია სპორტსმენი

პოლიცია იძიებს ჩხუბს, რომელიც საქართველოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის მოხდა
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე კატეგორიულად უარყოფს, რომ საქართველოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რკინის ჯაჭვი დაარტყა ევროპის ორგზის ჩემპიონს, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს.

გასულ შაბათს ტელეკომპანია Rustavi2-მა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე სახეში ურტყამს დათუნაშვილს ჯერ, როგორც ტელეწამყვანი ამტკიცებს, რკინის ჯაჭვით, შემდეგ კი – მუშტებით. ჩხუბი მოყვა ქომაგების დაპირისპირებას, რომლებიც დათუნაშვილის და რობერტ კობლიაშვილის შერკინების მსაჯობით იყვნენ უკმაყოფილოები. სპორტსმენები გააშველეს. შსს მომხდარს „ძალადობის" მუხლით იძიებს.

ჩხუბი საქართველოს ჩემპიონატზე ჭიდაობაში – მონაწილეებს სასამართლოში გამოიძახებენ

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ხელკეტი მქონია, არც ჯაჭვი, არც დანა, არაფერი მიხმარია და არც არავისთვის ჩამირტყამს. ვიღაცას ჩირქის მოცხობა უნდა და ყველაფერი გაირკვევა, მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ თავს არაფერს არ ვარიდებთ. დაიბარეს ბიჭები და მივიდნენ, დამიბარეს მე და მივალ ადვოკატთან ერთად. ბიულეტინზე ვარ და მივალ, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროში იციან. რატომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავს ვარიდებ რამეს, არ ვიცი. არაფერი არ მაქვს თავის ასარიდებელი”, - განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

დათუნაშვილმა მოუწოდა მოჭიდავეებს გვერდში დაუდგნენ მას და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა, რომელმაც თავის მხრივ განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს.

ამასთან, შსს-ში მომხდარის მონაწილეების გამოკითხვა მიმდინარეობს. ჩვენება მისცა ჭიდაობის მწვრთნელმა ზურაბ შელიამ.

„დავინახე ძალადობა, რომელიც მიუღებელია, და სიმართლის მხარეს ვდგავარ. ჩემი მოთხოვნაა, რომ მსგავსი რამე აღარ მოხდეს, და ჩემი საყვარელი სპორტის სახეობა ისევ ისეთი გახდეს, როგორიც ძველად იყო. ის (გეგეშიძე - რედ.) პოლიციის ოფიცერი და ფედერაციის პრეზიდენტია. ვფიქრობ, მას არ აქვს მორალური უფლება დარჩეს ამ თანამდებობაზე. ვფიქრობ, რომ ის თანამდებობისთვის შეუფერებელია“, - განაცხადა შელიამ Imedi-ს ეთერში.

ზურაბ დათუნაშვილს საავადმყოფოდან გამოწერენ >>

ამასთან, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ცნობილი მოჭიდავე დათუნაშვილი სკანდალის ცენტრში ექცევა. 2017 წლის მაისში ის თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში დანით დაჭრეს. მან საავადმყოფოში სამი დღე დაჰყო.