მამუკა ბახტაძე დავოსში გაემგზავრება

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია საქართველოში დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, იუწყება საქართველოს მთვარობის ადმინისტრაცია.

მამუკა ბახტაძის ვიზიტი დავოსში 22-25 იანვარს შედგება.

საქართველოს პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები, ასევე მოლაპარაკებები ბიზნესლიდერებთან და მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია საქართველოში დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.

პრემიერის განცხადებით, შედგება შეხვედრა რამდენიმე კომპანიასთან, რომელიც აქტიურად განიხილავს და გეგმავს საქართველოში ინვესტირებას.

ასევე მოლაპარაკებები გაიმართება იმ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში თავიანთი საერთაშორისო ოფისების გახსნის შესაძლებლობას განიხილავენ.

„ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომელიც  მიმდინარე წლის  მეორე ნახევრიდან ამოქმედდება და რომლის თანახმად ძალიან მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც საქართველოში გახსნიან თავიანთ მთავარ ოფისებს და რეგიონს მოემსახურებიან“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას ეწვევა

მისივე თქმით, ასევე იგეგმება შეხვედრები პოლიტიკურ ლიდერებთან, სადაც მხარეები საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივებზე იმსჯელებენ, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის მიმართულებით.

„ვფიქრობ, ვიზიტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და ვიმედოვნებ - ნაყოფიერი“, -აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (World Economic Forum) — საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა.  იგი შეიქმნა 1971 წელს, როდესაც ჟენევაში სიმპოზიუმზე ევროპის 400 წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელი შეიკრიბა. 1971 წლიდან 1986 წლამდე ორგანიზაციას „მენეჯმენტის ევროპული ფორუმი" (European Management Forum) ეწოდებოდა.