შსს: „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა კორპუსში გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს

უწყების განმარტებით, „ყაზტრანსგაზის" სპეციალისტებმა მოსახლეობას განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ.
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აფეთქება დიდ დიღომში – დაკავებულია ორი ადამიანი

16 იანვარს დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის – ოთხი წლის ბავშვი. საავადმყოფოებში მოათავსეს ათამდე დაშავებული – უმეტესობა ბავშვი.

ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, თუმცა ადგილზე მისულმა გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა ვერანაირი ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული არიან „ყაზტრანსგაზის" სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები – 62 და 27 წლის მამაკაცები, რომლებიც 16 იანვარს აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე კორპუსის მცხოვრებლების გამოძახების შემდეგ დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის N8-ში მივიდნენ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ავთანდილის ქუჩა N8-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე „ყაზტრანსგაზის" ცხელ ხაზზე დარეკეს და დახმარება ითხოვეს, რადგან კორპუსში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იგრძნობოდა და ეჭვი ჰქონდათ, რომ გაზი ჟონავდა. ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზის" სპეციალისტებმა – ვ.მ.-მ და თ.ტ.-მ კორპუსში გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს, მოსახლეობას კი განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ", – აღნიშნულია განცხადებაში.

„ყაზტრანსგაზ–თბილისი": დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა

უწყების ცნობით, აფეთქება სპეციალისტების წასვლის შემდეგ რამდენიმე საათში მოხდა.

შსს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სსკ-ის 240-ე და 220-ე მუხლებით განაგრძობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა, აფეთქების მიზეზების გამომწვევი ტექნიკური ექსპერტიზა, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა და ტექნიკური ექსპერტიზა, რომელთა დასკვნის საფუძველზე გამოიკვეთება აღნიშნულ დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და გატარდება შესაბამისი ზომები.