ლონდონში მცხოვრები ქართველი, რომელიც სამეფო ოჯახის დიზაინერსა და ცნობილ ბრენდებთან მუშაობს

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ქართველი დიზაინერის ზეიკო ბაშელეიშვილის წარმატებულ საქმიანობას გაგაცნობთ.
Sputnik

ბავშვობაში ავსტრალიაში ცხოვრებაზე ოცნებობდა. 1992 წელს ათენში გაემგზავრა სამოგზაუროდ. საბერძნეთში ჩასულმა საქართველოსთან ბევრი მსგავსება იპოვა და იქ დარჩენა გადაწყვეტა. უცხოეთში წარმატებული ადამიანი გახდა. თავიდან საბავშვო ტანისამოსის ხაზით მუშაობდა ცნობილ ბრენდში Lapin House. შემდეგ მისი პროფესიით არქიტექტურის სფეროში გადაინაცვლა და აქაც წარმატებული აღმოჩნდა. მუშაობდა არქიტექტურულ-სამშენებლო კომპანიაში Mantikas SA.               

ათენში კრიზისის დაწყების მერე საქმიანობა გააგრძელა ლონდონში, სადაც დღემდე მუშაობს ცნობილ ბრენდში Paul Costelloe. პოლ კოსტელო სამეფო ოჯახის დიზაინერი გახლავთ. ამავე დროს როგორც მხატვარს მუშაობა არ შეუწყვეტია. გამოფენები ჰქონდა ამერიკაში, ინგლისსა და საფრანგეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში. მისი საქმიანობის შესახებ ბევრ წიგნსა თუ ცნობილ ჟურნალში დაიწერა.

ლონდონში მცხოვრები ქართველი, რომელიც სამეფო ოჯახის დიზაინერსა და ცნობილ ბრენდებთან მუშაობს

– ქალბატონო ზეიკო, შეიძლება ითქვას, რომ ათენში ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი პირველი მერცხალი ხართ...

– რატომღაც ისე მოხდა, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრება ბავშვობიდან მინდოდა, თუმცა საამისო მიზეზი არასოდეს მქონდა. ადრე ავსტრალიაში წასვლა გადავწყვიტე, საბუთებიც კი მქონდა შეტანილი. იმ დროს მოსკოვში ასპირანტურაში ვსწავლობდი. გარკვეული დროის შუალედით ტურები იყო გასავლელი. სწორედ იმ შუალედში წამოვედი საბერძნეთში სამოგზაუროდ. ათენში ყოფნის დროს თბილისში ტურის საბუთები მოვიდა, მაგრამ დედაჩემისგან შორს რომ არ ვყოფილიყავი, ათენში დავრჩი. ეს იყო 1992 წლის დასაწყისში. ერთ თვეში დედაჩემიც ჩამოვიდა ჩემ შვილთან ერთად, რომელიც მაშინ შვიდი წლის იყო. ერთი სიტყვით, იმ დროის ათენში, როგორც პირველი ქართველი, ეგზოტიკური ყვავილივით ვიყავი. მხოლოდ ორი-სამი წლის შემდეგ დაიწყეს ქართველებმა აქა-იქ ჩამოსვლა.

ლონდონში მცხოვრები ქართველი, რომელიც სამეფო ოჯახის დიზაინერსა და ცნობილ ბრენდებთან მუშაობს

– ემიგრაციაში საკუთარი პროფესიით დაიწყეთ საქმიანობა?

– დიახ, ასე იყო. თავიდანვე ჩემი პროფესიით დავკავდი, საბავშვო ტანისამოსის ხაზით დიზაინერად ვმუშაობდი. საერთოდ, ტანსაცმლის დიზაინი ბავშვობიდან იყო ჩემი ჰობი და დღესაც ჩემი შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა. ამის მერე 2010 წლამდე არქიტექტურულ კომპანიაში ვმუშაობდი ჩემ კოლეგასთან ერთად. ჩვენი კომპანია მშენებლობის 85%-ს კუნძულ მიკონოსზე აწარმოებდა. მერე კრიზისი დაიწყო და ყველაფერი გაჩერდა, ამიტომ წავედი ლონდონში, სადაც მუშაობა დავიწყე Paul Costelloe-ში, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი ბრენდია.

ლონდონში მცხოვრები ქართველი, რომელიც სამეფო ოჯახის დიზაინერსა და ცნობილ ბრენდებთან მუშაობს

– ანუ მაღალი საზოგადოების ადამინებთან ურთიერთობა გიწევთ?

– იმ პერიოდში ლონდონის მოდის კვირეულში მონაწილეობით დიდი გამოცდილება მივიღე. იყო მსოფლიოში ცნობილ მოდელებთან, მაღალი საზოგადოების წარმომადგენელთან და ყველა სახის ცნობილ ადამიანთან, იქნებ ეს ვინმესთვის ოცნებაა, ჩემთვის კი რეალობაა. მუშაობა ისეთ ლეგენდარულ დიზაინერთან, როგორიც პოლ კოსტელოა, დიდი პატივია ყველასთვის. იგი იყო პრინცესა დაიანას რჩეული დიზაინერი და დღემდე სამეფო ოჯახს ემსახურება. მასთან მუშაობა სასიამოვნოა და იმაში მეხმარება, რომ საუკეთესო ვიყო.

ლონდონში მცხოვრები ქართველი, რომელიც სამეფო ოჯახის დიზაინერსა და ცნობილ ბრენდებთან მუშაობს

– ამავდროულად ხატავდით კიდეც და გამოფენებსაც აწყობდით...

– ამ წლების განმავლობაში ხატვა არც ერთი წუთით არ შემიწყვეტია. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბევრი გამოფენა მქონდა და მომავალი ორი წლის გამოფენებიც უკვე დაგეგმილია. გამოფენების 95% ამერიკაში, ინგლისსა და საფრანგეთში მქონდა. ჩემი საქმიანობის შესახებ დაიწერა ბევრ ჟურნალში და წიგნში, მათ შორისაა VOGUE–UK, GQ–UK, CIRCLE–France, CURRENT MASTERS–USA და მრავალი სხვა. ხელოვნება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ლონდონში მცხოვრები ქართველი, რომელიც სამეფო ოჯახის დიზაინერსა და ცნობილ ბრენდებთან მუშაობს

– კარიერის მანძილზე ვისი ტანისამოსის დიზაინზე მუშაობა მოგიწიათ?

– შევქმენი რამდენიმე კაბის დიზაინი Zara Tindall-სთვის, იგი პრინცესა ანას ქალიშვილი და დედოფალ ელისაბედ II-ის შვილიშვილია. ასევე ვიქტორია ბექჰემის ბრენდისთვის შვქმენი 2016 წლის საზაფხულო კოლექცია.

ლონდონში მცხოვრები ქართველი, რომელიც სამეფო ოჯახის დიზაინერსა და ცნობილ ბრენდებთან მუშაობს

– რა გენატრებათ საქართველოში და რა გახსენდებათ?

– საქართველოს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემ გულში. სამწუხაროდ, დატვირთული პროგრამის გამო ხშირად ჩამოსვლას ვერ ვახერხებ. საქართველოში მენატრება ჩემი მეგობრები, რომლებსაც დროდადრო ვხედავ ხოლმე, მაგრამ იმათთან ურთიერთობა მაინც მაკლია. ლაღიძის წყლები მენატრება, ნაღები შოკოლადით მიყვარდა, მისი გემო ბავშვობიდან მახსოვს და იმ ბედნიერ წლებს მახსენებს. ეს წყლები ახლაც არის, მაგრამ ის მაინც სულ სხვა იყო...