თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. 15 იანვრიდან სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ტექნიკური რეგლამენტი ისეთ სამშენებლო პროდუქციაზე ამოქმედდა, როგორიცაა ცემენტი, არმატურა, ელექტროკაბელები, პლასტმასის მილები.
სამშენებლო პროდუქტების შესაბამისობა რეგლამენტის მოთხოვნებთან მწარმოებელმა, მწარმოებლის ავტორიზებულმა წარმომადგენელმა, იმპორტიორმა და დისტრიბუტორმა უნდა უზრუნველყოს. ხოლო ზედამხედველობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ უნდა განახორციელოს და შეუსაბამობების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორებს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება, ამოღება, გამოთხოვა და განადგურება დაავალოს.
იმპორტიორი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია ან შესაბამისი დოკუმენტები.
შემოსავლების სამსახური კი ვალდებულია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას გააჩეროს და არ დაუშვას ისეთი სამშენებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტები და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს.
კონტროლი თუ მონოპოლია? საქართველოში ცემენტის მწარმოებელმა 25-მა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა >>
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, რეგულაცია ევროკავშირის განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზეა დაფუძნებული.