თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ბავშვის მიმართ განხორციელებული შანტაჟის გამო დაკავებულ ავთო კუციას სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, უწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ადვოკატი ავთო კუციასთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ამის მიუხედავად, მოსამართლემ ჩათვალა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
„სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა დანაშაულების გაგრძელების საფრთხე, ასევე, მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხე. გამოძიება გრძელდება და შესაბამისად, გამოძიებას აქვს ორთვიანი ვადა, რომ კიდევ მოიპოვოს მტკიცებულებები“, - განაცხადა საქმის პროკურორმა, ირაკლი ქარდავამ.
ბრალდებული Facebook-ის გამოყენებით სისტემატიურად აიძულებდა არასრულწლოვნებს მასთან ინტიმური ხასიათის მიმოწერა ჰქონოდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების გასაჯაროებით ემუქრებოდა.
ავთო კუციას ადვოკატის განცხადებით, მამაკაცი თავს დამნაშავედ ცნობს და მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
გამოძიება სსკ-ის 150-ე და 157-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც იძულებას და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ხელყოფას გულისხმობს.