საქართველოში მწეველებისთვის დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა

გარკვეული შეღავათების პარალელურად ზოგან თამბაქოს მოხმარებისთვის ჯარიმები გაიზარდა.
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საქართველოში თამბაქოს მოხმარების წესების ცვლილებას, მათ შორის, ზოგიერთი შეზღუდვის შემსუბუქებას ითვალისწინებს.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით შეზღუდვები იხსნება უმაღლესი სასწავლებლებისა და სამედიცინო დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, თუმცა აქ მოწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. ასეთი ადგილები სამზე მეტი არ უნდა იყოს, ხოლო ფართობი არ უნდა აჭარბებდეს 20 კვადრატულ მეტრს.  

პირველი იანვრიდან თამბაქოს კანონის დარღვევისთვის ცხრა დაწესებულება დაჯარიმდა

თამბაქოს მოწევა ასევე ნებადართული გახდება თეატრალური წარმოდგენის დროს – რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით, მსახიობის მიერ როლის შესრულებისას. მსახიობების მიერ სცენაზე თამბაქოს მოხმარება დასჯადი იყო, ახლა კი დასაშვები გახდება.

მოწევა ნებადართულია სათამაშო აპარატების სალონებში იმ შემთხვევაში, თუ იქ არანაკლებ 20 აპარატი დგას და ლიცენზიის ღირებულება არანაკლებ 200 ათასი ლარია.

ამასთან, თამბაქოს მოხმარებისთვის ჯარიმა გაიზარდა მრავალბინიანი სახლების ჰოლში, სადარბაზოში, დერეფანში, ლიფტში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

თუ ადრე ჯარიმა 50 ლარს შეადგენდა, ახლა მისი ოდენობა 100 ლარამდე გაიზარდა. ასევე გაორმაგდა ჯარიმა კანონის ხელმეორედ დარღვევისთვის – 200 ლარი.

ამას გარდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებისთვის ჯარიმა შემცირდა – მუშაობის დროს თამბაქოს მოხმარებისთვის ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად 200 ლარი იქნება.

ამიერიდან დაისჯებიან იმ არასრულწლოვნების მშობლები, რომლებიც შეუფერებელ ადგილზე ეწევიან. ჯარიმა 100-დან 300 ლარამდე იქნება.