თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. თელავში, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე კორპუსებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინები დაუკანონდათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, 103 ოჯახს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფომ მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო და უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით ოჯახებს დღეს გადასცა.
კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, აღნიშნული კორპუსის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე თელავის მერია იზრუნებს.
არსებული ინფორმაციით, ბინების დაკანონების შემდეგ ოჯახებს სოციალური შემწეობა არ შეუწყდებათ.