თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით 4 იანვრიდან სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებაზე დაყრდნობით.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა – 100 ათას მოსახლეზე ვირუსით 276 ადამიანია დაავადებული. ეპიდემიად მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც 100 ათას ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 450-500 დაავადებულს აღწევს. გრიპის ვირუსს ბოლო ორ თვეში ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება გრიპოზული ინფექციისადმი მომატებული რისკის მქონე ჯგუფისთვის მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიიღეს.
პრეპარატის უფასოდ მისაღებად ბენეფიციარებმა უნდა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს და წარმოადგინონ ექიმის დანიშნულება (ფორმა 100). სოციალურად დაუცველთა სტატუსის გადამოწმება კი სამინისტროს ბაზაში მოხდება.
მედიკამენტი „ტამიფლუ“ გრიპის პროფილაქტიკისთვის ინიშნება მოზრდილებში და 1 წლის/ან მეტი ასაკის ბავშვებში.