თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. გასული წლის განმავლობაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები 660 ათასამდე პაციენტს მოემსახურნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
2018 წელს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში ჯამში 710 ათასზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა. მათგან დამატებითი სამედიცინო მომსახურებისთვის ჰოსპიტალიზაცია 210 ათასზე მეტ პაციენტს დასჭირდა. კლინიკიდან კლინიკაში გადაყვანილი კრიტიკული პაციენტების რაოდენობამ კი 18 868 შეადგინა, მათგან 1,6 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, თბილისისა და ბათუმის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს და პაციენტებისთვის პირველადი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდებას უზრუნველყოფს.
დღეისათვის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 300-მდე ახალ, ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილ სპეცმანქანას ითვლის, მათ შორის არის რეანომობილები, საშუალო და მაღალი გამავლობის „სასწრაფო დახმარების" მანქანები.