საქართველოში შვედურ ელექტრომობილ UNITI ONE-ს ააწყობენ

ქართულ და შვედურ მხარეებს შორის შესაბამისი მემორანდუმი უკვე გაფორმდა
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში შვედურ ელექტრომობილ Uniti One-ს ააწყობენ, შესაბამის მემორანდუმი „საქართველოს საპარტნიორო ფონდს", შვედური კომპანია Uniti Sweden AB-ს და ქართული კომპანია Silk Road Group-ს შორის უკვე გაფორმდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ამბიციური გეგმა: ავტოპარკის 90% ელექტრომობილებით ჩანაცვლდება>>>

მემორანდუმის მიზანია ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით ერთობლივი პროექტის განვითარების ძირითადი პრინციპების განსაზღვრა და ასევე კონკრეტული თანამშრომლობის სფეროებზე შეთანხმება.

პრემიერმა ქართული ეკონომიკის „აქილევსის ქუსლი" დაასახელა

Uniti Sweden AB ელექტრომობილების წარმოებაზე ინოვაციური, მაღალი ტექნოლოგიებით მუშაობს და მსოფლიოში ამ მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ინოვატორი კომპანიაა.

აღსანიშნავია, რომ WIRED-მა Uniti One-ი 2019 წლისთვის ერთ-ერთ ყველაზე დამაინტრიგებელ ელექტრომობილად დაასახელა.

შვედური კომპანია Uniti Sweden AB 2016 დაფუძნდა და მან ელექტრომობილის პირველი პროტოტიპი 2017 წელს გამოუშვა. 2019 წლის ბოლოს კომპანია საბაზრო მოდელს წარმოადგენს.

ადრე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ უახლოეს 10 წელიწადში საქართველოს ავტოპარკის 90%-ს ელექტრომობილებით ჩაანაცვლებენ. საქართველო, შესაბამისად, პირველი ქვეყანა იქნება მსოფლიოში, რომელიც ასეთ მოკლე ვადაში შეძლებს თავისი ავტოპარკის ელექტრომობილებით შეცვლას.

გარდა ამისა, 2018 წლის მარტში ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ დაგეგმილია ქართულ-ჩინური კომპანიის გახსნა, რომელიც ელექტრომობილებს გამოუშვებს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ჩინური მხარე ბათუმში ქარხნის გახსნით დაინტერესდა, არის ის, რომ ქალაქთან არსებობს როგორც საჰაერო, ისე სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლა.