საქართველო ვაშლის ჩიფსების ექსპორტს ჩინეთში განახორციელებს

ქართველმა ახალგაზრდებმა ხილის შრობის უნიკალური მეთოდი გამოიგონეს, რომელიც ძალზე პოპულარული გახდა.
Sputnik

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. სოფელ დიცში ვაშლის ჩიფსების საწარმო გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ენკენი“ - ვაშლის ჩიფსები ქართულ ბაზარზე>>>

ჩიფსების საწარმო „სტარტაპ საქართველოს" მხარდაჭერის ფარგლებში გაიხსნა, რომელიც „საპარტნიორო ფონდის" შვილობილი ორგანიზაციაა. აღნიშნული საწარმოს გახსნის იდეა წარმატებულ ინოვაციურ ბიზნეს-პროექტად დასახელდა.

საქართველოს სკოლების სასადილოებში ჩიპსებისა და შოკოლადის გაყიდვა იკრძალება

საწარმოს გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრებოდა. მთავრობის მეთაურის სიტყვებით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ წარმოებული პროდუქცია მალე ჩინეთში ექსპორტზე გავა. ბახტაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი წარმატებული პროექტები ქვეყნის ეკონომიკური განვითარებას უწყობენ ხელს.

„სამმა წარმატებულმა ახალგაზრდამ სოფელ დიცში ამ უნიკალური საწარმოს შექმნა გადაწყვიტა, რომელიც ჩვენმა სტარტაპ პლატფორმამ – „სტარტაპ საქართველომ" დააფინანსა. ახალგაზრდებმა გამოიგონეს ხილის შრობის უნიკალური მეთოდი, რომელიც ძალზე პოპულარული გახდა. იგი ძალიან პოპულარული გახდა და არის ჯანსაღი საკვები, ყოველგვარი დანამატების გარეშე", - განაცხადა ბახტაძემ.

ინოვაციური ტექნოლოგიის ავტორები საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიის სტუდენტები არიან. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 100 ათას ლარს, საიდანაც "სტარტაპ საქართველოს" დაფინანსება 90 ათასი ლარია. ამ ეტაპზე საწარმოში დასაქმებულია 11 ადამიანი, უმეტესად, ადგილობრივი მცხოვრებლები.