არის თუ არა საგანგაშო მზარდი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი

რა გავლენა აქვს საერთაშორისო სავაჭრო დეფიციტს ლარის კურსზე
Sputnik

თემურ იოსელიანი

საგარეო ვაჭრობა ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. ექსპორტისა და იმპორტის ერთობლიობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს, სადაც კარგად ჩანს, როგორია უცხოეთის ბაზრებთან ურთიერთობის დინამიკა. ერთი საინტერესო დეტალი, რაზეც ექსპერტები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას,  ეს გახლავთ ექსპორტისა და იმპორტის შეფარდება – სავაჭრო სალდო, იგივე სავაჭრო ბალანსი.

როდესაც ქვეყანა უცხოეთში იმდენივე ღირებულების პროდუქციას ყიდულობს და შემოაქვს, რა ღირებულების პროდუქციასაც საზღვარგარეთ ჰყიდის, მაშინ ამბობენ, რომ სავაჭრო სალდო ნულის ტოლია; როცა ექსპორტი აჭარბებს იმპორტს, მაშინ სავაჭრო სალდო დადებითია, ხოლო როდესაც შემოტანილი პროდუქციის ღირებულება აჭარბებს ქვეყნიდან გატანილი საქონლის ფასს, მაშინ სავაჭრო სალდო უარყოფითია.

თებერვლიდან „ქართული ამაზონის“ ამოქმედება იგეგმება

სწორედ უარყოფითი სავაჭრო ბალანსის ზრდაზე მიანიშნებს სპეციალისტების ნაწილი და მდგომარეობას საგანგაშოსაც კი უწოდებს. განგაშის საფუძველს ისინი ხედავენ იმაში, რომ რაც უფრო მეტ პროდუქციას შემოიტანს ქვეყანა უცხოეთიდან, მით მეტი ვალუტა გავა ქვეყნიდან. რადგანაც საერთაშორისო ვაჭრობისას უმთავრესი ვალუტა ამერიკული დოლარია, სწორედ ამერიკული დოლარი გაედინება საქართველოდან, როდესაც იმპორტით რაიმე საქონელი უნდა შემოვიდეს.

ამერიკული დოლარის ქვეყნიდან გატანა და დოლარის დეფიციტი, თავის მხრივ, საქართველოს ეროვნული ვალუტის ქრონიკულ ავადმყოფობას – გაუფასურებას უწყობს ხელს. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ქვეყნიდან დიდი რაოდენობით დოლარი გაედინება, ქვეყანაში დოლარის დეფიციტი წარმოიქმნება. ნებისმიერი რამის დეფიციტი რომ ამ ნებისმიერ რამეს აძვირებს, კარგად ჩანს ხოლმე წინასაახალწლოდ სუპერმარკეტებისა თუ აგრარული ბაზრების დახლებზე – მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მიწოდება ვეღარ აუდის. ჰოდა, დოლარზე მოთხოვნა მუდმივია, თაფლისა და ინდაურების ყიდვისგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად საახალწლოდ ახსენდება მყიდველს. სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი უარყოფითი გავლენა, რაც დეფიციტურ საერთაშორისო ვაჭრობას ახლავს.

ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალიც გაზარდა

ბოლო წლების ტენდენცია ასახულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში.

ცხრილი1.  საგარეო ვაჭრობა (მლნ აშშ დოლარი)

არის თუ არა საგანგაშო მზარდი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი

ცხრილიდან კარგად ჩანს, რომ 2010 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში უარყოფითი სავაჭრო სალდო მკვეთრად გაიზარდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ იმავე წლებში საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდებოდა ექსპორტის მოცულობაც, უბრალოდ, უფრო მეტად გაიზარდა იმპორტი, რამაც გაზარდა კიდეც სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის. ექსპორტმა კლება დაიწყო 2013 წელს, ზრდა მხოლოდ 2017 წლიდან განახლდა.

რაც შეეხება იმპორტს, მაქსიმალური მოცულობა 2014 წელს იყო, ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობამ 5,740 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. თუ გავიხსენებთ, ლარის მკვეთრი გაუფასურების პირველი ტალღაც ამ პერიოდს ემთხვევა.

ლარის ბოლოდროინდელი ვარდნის მიზეზები

საგარეო ვაჭრობის დინამიკა 2001-2009 წლებში

საგარეო ვაჭრობა და უარყოფითი სავაჭრო სალდოც ბევრად ნაკლები იყო 2000-იანი წლების დასაწყისში. ინფორმაცია მოცემულია ცხრილი 2-ში.

ცხრილი 2. საგარეო ვაჭრობა 2001-2009 (მლნ აშშ დოლარი)

არის თუ არა საგანგაშო მზარდი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი

ცხრილში კარგად ჩანს, რომ 2001 წლიდან საგარეო ვაჭრობა სუსტად იზრდებოდა და შედარებით სწრაფი ზრდა დაიწყო 2003 წლიდან. ვხედავთ, რომ ექსპორტი კი სწრაფად იზრდებოდა, მაგრამ კიდევ მეტი იყო იმპორტის ზრდა. შესაბამისად, უარყოფითი სავაჭრო ბალანსიც 2009 წლამდე იზრდებოდა, სანამ რუსეთ-საქართველოს ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენამ საქართველოს საგარეო ვაჭრობაც არ შეაფერხა. 2009 წელს შემცირდა უარყოფითი სავაჭრო სალდო, მაგრამ ძნელად მოიძებნება ეკონომისტი, ვინც 2009 წლის ეკონომიკურ მდგომარეობაში მეტ პოზიტივს მოძებნის, ვიდრე, მაგალითად, 2007 წელს იყო, როდესაც, მართალია, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი მეტი იყო, მაგრამ იმავდროულად მშპ-ის ზრდამ 12%-ს გადააჭარბა, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა კი 2 მილიარდ აშშ დოლარს. იმ პერიოდში ეროვნული ვალუტის მდგრადობაც არ შერყეულა.

დაგეგმილი ცვლილებები „თავისუფლების აქტში“

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ამბობს, რომ ექსპორტ-იმპორტის სალდოს განხილვას თანამედროვე მსოფლიოში დიდი მნიშვნელობა აღარც აქვს. მისი თქმით, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის ზრდის შემთხვევაში იზრდება ვაჭრობის მასშტაბი და ჯამში იზრდება ქვეყნის სიმდიდრეც.

„ექსპორტ-იმპორტის სალდოს თუ კონტექსტიდან ამოგლეჯილს განვიხილავთ, მაშინ ცხადია, რომ რაც უფრო აღემატება იმპორტი ექსპორტს, მით მეტად იზრდება ეროვნული ვალუტის გაუფასურების რისკი – ქვეყანაში ნაკლები დოლარი რჩება და ეს, თავის მხრივ, დოლარს აძვირებს. მაგრამ მხოლოდ სავაჭრო სალდო რომ იყოს პრობლემის მიზეზი, მაშინ ბევრი მაღალგანვითარებული ქვეყანა შავ დღეში იქნებოდა, რადგან მათ უმეტესობას სწორედაც რომ უარყოფითი სავაჭრო სალდო აქვს“, – ამბობს ხორგუაშვილი.

უარყოფითი სავაჭრო სალდო აქვს დიდ ბრიტანეთს, კანადას, იაპონიას, საფრანგეთს და ბევრ სხვა განვითარებულ ქვეყანას. იგივე ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი რომ ავიღოთ, 2017 წლის მონაცემებით, ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 795,690 მილიარდი დოლარია. საინტერესოა, რომ გასული წლის მონაცემებითვე, რუსეთს დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს, რომელმაც 115,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

თუ ასე გაგრძელდა, საერთოდ გავქრებით როგორც ქვეყანა...

„მთავარია, სავაჭრო დეფიციტი დააბალანსოს ქვეყანაში შემომავალმა უცხოურმა ინვესტიციებმა და გზავნილებმა უცხოეთიდან. აქ გვაქვს პრობლემა და ამ მიმართულებით არის ნაბიჯები გადასადგმელი და არა იქით, რომ რადგან იმპორტი აღემატება ექსპორტს, ამიტომ მთავრობამ დაიწყოს იმპორტის რამენაირად შეზღუდვა, ან, თუნდაც, ექსპორტის ხელშეწყობა. ხელოვნურად იმპორტის შეზღუდვაც მავნებლობაა და ექსპორტის ზრდაც, რადგან როდესაც ხელოვნურად ცდილობენ ექსპორტის ხელშეწყობას, ამ შემთხვევაში აუცილებლად რაღაცას აკლებენ რესურსს. საბოლოო შედეგი კი რაც გვაქვს, კარგად ჩანს, როდესაც ექსპორტის წლევანდელი მაჩვენებელი ძლივს დაეწევა 2014 წლის მაჩვენებელს“, – ამბობს ხორგუაშვილი.

სწორედ ამ სიტუაციის გაანალიზებით ჩანს, რატომაც არ უფასურდებოდა ლარი 2004-2008 წლებში, როდესაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსი სულ უფრო იზრდებოდა. 2007 წელს სავაჭრო დეფიციტმა 4 მილიარდ დოლარს მიაღწია, მაგრამ, როგორც ვთქვით, მშპ-ის ზრდამ 12%-ს გადააჭარბა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა კი 2 მილიარდ დოლარზე მეტი იყო. ასე რომ, რაც არ უნდა „ეროვნული წარმოების ხელშეწყობის“ მოტივით შეზღუდოს მთავრობამ იმპორტი, ხოლო ექსპორტის წასახალისებლად ბიუჯეტის ფული ხარჯოს, ამით ქვეყნის სიმდიდრეს ვერ უშველის. მართალია, შეიძლება ფურცელზე ბალანსის „გამოსწორებას“ მიაღწიოს, მაგრამ მხოლოდ ფურცელზე დაწერილი სასურველი დიაგნოზი რომ ავადმყოფობას არ კურნავს, ძველი, ქალაქური ანეკდოტებიდანაც გვახსოვს...