„დაწუნებული“ მოსამართლეები - საქართველოს პარლამენტი გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეების კანდიდატების სიამ სკანდალი გამოიწვია
Sputnik

თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა, როგორც ოპოზიციონერებმა, ისე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა უმაღლესი საბჭოს მოსამართლეების კანდიდატები დაიწუნეს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სხდომაზე ახალშობილთან ერთად მივიდა >>

პარლამენტში ათი კანდიდატი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა. ამასთან მითითებული იყო მხოლოდ მოსამართლეების სახელი და გვარი და არ იყო მოყვანილი მათი ბიოგრაფიები ან მათ მიერ განხილული საქმეები.

საბჭომ პარლამენტს მიმართა თხოვნით სასწრაფოდ მიეღო გადაწყვეტილება, რათა უმაღლეს სასამართლოში ცარიელი ადგილები შეივსოს, რადგან დარჩენილი მოსამართლეები საქმეებს ვერ უმკლავდებიან და საქმეების განხილვა ჭიანურდება.

შეიზღუდება თუ არა თბილისში ჩადრით, ნიქაბითა და ბურკით სიარული

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთი კანდიდატი მისთვის მიუღებელია. ის ჯერ კიდევ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე მათ ობიექტურობას ეჭვს ქვეშ აყენებდა.

„ჩემთვის ამ პროცესში ორი რამ არის პრობლემური. ერთია, მთლიანად პროცესი, რადგან ქვეყნისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების დასახელება უმნიშვნელოვანესია. ამ პროცესის ისე წარმართვა, რომ არანაირი პროცედურა არ არსებობდეს და საზოგადოების მხრიდან არანაირი აღქმა არ იყოს ღია პროცესის, ეს სერიოზული პრობლემაა. ამ ფორმით წარმოდგენილ სიასთან პრობლემა მაქვს. მეორეა, კონკრეტული გვარები, რომლებიც სიაში არიან წარმოდგენილნი. ზოგიერთ მათგანზე ჩემი მოსაზრება 2012 წელს მაქვს დაფიქსირებული და აზრი არ შემიცვლია. თუ კენჭისყრის საკითხი დადგება, მათ მხარს ვერ დავუჭერ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ვიცე-სპიკერმა მომხდარს გაუგებრობა უწოდა, რომელიც მომავალში არ უნდა მოხდეს.

პარლამენტში წარმოდგენილი მოსამართლეების სიის კატეგორიული წინააღმდეგია ოპოზიციაც.

საქართველოს პრეზიდენტს სადეპუტატო სტატუსი შეუწყდა >>

„რაც შეეხება პარლამენტში პოლიტიკურ პროცესს, იმედი მაქვს, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. „ევროპული საქართველო“ წინადადებით გამოდის, რომ სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელები და სახალხო დამცველი შევიდნენ. სამუშაო ჯგუფმა გარკვეული კრიტერიუმები უნდა შეიმუშავოს, კანდიდატებთან გასაუბრება და მათი შეფასება უნდა. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კანდიდატები გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით დაინიშნონ”, – განაცხადა „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დეპუტატმა ოთარ კახიძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკი დაბალი ინფლაციის პროგნოზს აკეთებს

მას „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებიც ეთანხმებიან.

„რაც ხდება, ხელისუფლების ბრალია და თეა წულუკიანის, როგორც იუსტიციის მინისტრის. მხარს ვუჭერთ, რომ ეს პროცესი შეჩერდეს. ერთთვიანი პაუზა უნდა ავიღოთ და საკითხს სერიოზულად უნდა მივუდგეთ“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

დეპუტატების აღშფოთების შემდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკან დაიხია.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არასწორია შეხედულება, თითქოს ჩვენ ვემხრობით საკითხის ფორსირებულ რეჟიმში - მიმდინარე წლის ბოლომდე განხილვას. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საკითხი საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს სრულყოფილი და საფუძვლიანი შესწავლის შემდგომ, რაც ცხადია საჭიროებს გონივრულ ვადებს და შესაბამის პროცედურებს“, - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოუსმინა კოლეგებს და საკითხის განხილვის გადატანა 2019 წლისთვის შესთავაზა.

არანაირი დისკრიმინაცია: საქართველოში შრომის კოდექსის გაუმჯობესებას გეგმავენ >>

„სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიერ გამოითქვა სურვილი, კანდიდატების შერჩევა განხორციელდეს წინასწარ გაწერილი პროცედურისა და კრიტერიუმების შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დღეს გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების გადაწყვეტილებას. ამ საკითხს პარლამენტი მიუბრუნდება საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის საშემოდგომო სესია 28 დეკემბერს დაიხურება. საგაზაფხულო სესია 5 თებერვალს გაიხსნება.