ტრაგედია წავკისში: პოლიციამ სამი პირი დააკავა

უწყების ცნობით, სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
Sputnik

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. სოფელ წავკისში ორი ადამიანის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ სამი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინციდენტი წავკისი-ტაბახმელას გზაზე 22 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე დაიწყო ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შემდეგ. მხარეებმა ავარიის შესახებ პოლიციას არ შეატყობინეს და ზარალის ანაზღაურების საკითხის მოგვარების მიზნით მეორე დღეს, 23 დეკემბერს შეხვედრა გადაწყვიტეს. შეხვედრა წავკისში შედგა.

სროლა და ჩხუბი გაჩიანში – დაჭრილია სამი ადამიანი

ამ შეხვედრისას მხარეებმა შეთანხმება ვერ შეძლეს, რის ნიადაგზეც მათ შორის ჩხუბი დაიწყო. დანით შეიარაღებულმა ორმა პირმა მეორე მხარის ოთხი ახალგაზრდა დაჭრა. დაჭრილებიდან ორი – 28 და 25 წლის ახალგაზრდები სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე დაიღუპნენ.

მეორე დღეს ერთ-ერთი ბრალდებული და თვითმხილველი საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით ქვეყნის დატოვებას და თურქეთში მიმალვას შეეცადნენ, მაგრამ პოლიციამ ისინი დააკავა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით – დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე.

მკვლელობისთვის დაკავებულებს 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ, ხოლო თვითმხილველს – ექვსი თვიდან 2 წლამდე ვადით შინაპატიმრობა ან 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.