თბილისი თეირანთან სავიზო რეჟიმის გადახედვას გეგმავს?!

ირანელი ვიზიტორების უკეთ ინფორმირების მიზნით ირანის ხელისუფლება ქართველ კოლეგებთან ერთად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის, საქართველოში ბიზნესის წარმოების, სწავლის ან მკურნალობის რეგულაციების შესახებ ერთობლივ საინფორმაციო მასალებს მოამზადებს.
Sputnik

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ირანთან უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება უნდა დაიხვეწოს, რათა მომავალში ავირიდოთ საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებული უსიამოვნებები, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა ცვლილებები შევა ირანთან უვიზო მიმოსვლის შესახებ დოკუმენტში>>>

ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდა მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც თბილისში საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენელსა და ირანის ელჩ სეიედ ჯავად ყავამშაჰიდსა და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო კავშირების დეპარტამენტის ხელძღვანელ ალი ასგარ მოჰამადს შორის შედგა.

თბილისსა და თეირანს შორის ბოლოდროინდელ ურთიერთობებში უთანხმოება შეინიშნება. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც 3 დეკემბერს ირანის საგარეო უწყების პრეს-სპიკერმა ბაჰრამ კაზემიმ უკმაყოფილება გამოთქვა ქართული მხარის მიერ ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრის გადმოკვეთაზე მასიურად უარის თქმის შესახებ და მათ ურჩია, თავი შეიკავონ საქართველოში ჩამოსვლისგან. ორშაბათს ირანის მეჯლისის დეპუტატმა ალირეზ რაჰიმმა საქართველოსთნ უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობა არ გამორიცხა. საქართველოს შსს-ს ცნობით, ნოემბერში ქვეყანაში ირანის 434 მოქალაქე არ შემოუშვეს.

ორი ირანელი ქალი თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანისთვის დააკავეს

"შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება და შეთანხმდა, რომ სასურველია მოხდეს ხელშეკრულების დებულებების დახვეწა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ხელშეკრულების არასწორი მიზნით გამოყენების შესაძლებლობებს", – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის შესახებ, რომ ირანელი ვიზიტორების უკეთ ინფორმირებულობის მიზნით ირანის ხელისუფლება ქართველ კოლეგებთან ერთად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის, საქართველოში ბიზნესის წარმოების, სწავლის ან მკურნალობის რეგულაციების შესახებ ერთობლივ საინფორმაციო მასალებს მოამზადებს.

"აღინიშნა, რომ ცალკეულ შემთხვევებში ადგილი აქვს ირანის მოქალაქეების მხრიდან საქართველოს საზღვრის კვეთის წესების დარღვევებს (ხშირად სათანადო ინფორმაციის არქონის გამო) და ამისთვის საჭიროა მათი ინფორმირებულობის გაზრდა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ირანელ კოლეგებს შესაბამისი სტატისტიკა წარუდგინა", – დასძინეს საქართველოს საგარეო უწყებაში.

რომელი ქვეყნის მოქალაქეებს ყველაზე ხშირად არ უშვებენ საქართველოში>>>

შეხვედრის ბოლოს ირანის დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ შეხვედრისას მიღებულმა ინფორმაციამ სიცხადე შეიტანა ორმხრივ ურთიერთობებში და ამასთანავე მომავალში აქტიური თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნა გამოთქვეს.

საქართველოსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის მაისში დამყარდა. ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი 2011 წელს ამოქმედდა. საქართველომ ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივი წესით 2013 წელს დააწესა, საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ თავისი გადაწყვეტილება გაეროს რეკომენდაციებით ახსნა. თუმცა, 2016 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა და ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი აღდგა.