აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტმა ტურისტებს სიურპრიზები მოუმზადა

გოდერძი - ყველაზე ახალგაზრდა ზამთრის კურორტია საქართველოში, ის 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა
Sputnik

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად 28 დეკემბერს გაიხსნება, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

სეზონის გახსნის დღიდან გოდერძიზე იფუნქციონირებს ორივე საბაგირო და 8 კილომეტრის სიგრძის სამთო-სათხილამურო ტრასები.

აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტმა ტურისტებს სიურპრიზები მოუმზადა

კურორტის ცენტრალურ მოედანზე მდებარეობს ერთი რესტორანი, სწრაფი კვების ობიექტები და თხილამურების გაქირავების პუნქტი. კურორტზე ასევე მოწყობილია 200-მეტრიანი ტრასა, რომელიც ბავშვებისა და დამწყები მოთხილამურეებისათვის არის განკუთვნილი.

ამ ეტაპზე კურორტზე არსებობს თანამედროვე ტიპის ექვსი კოტეჯი და ერთი სასტუმრო. ერთი კოტეჯი 12 კაცზეა გათვლილი.

გუდაურში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

გოდერძიზე ასევე არის 13-ნომრიანი სასტუმრო „დავითი“, რომელსაც ერთდროულად 40 ადამიანის მიღება შეუძლია. კიდევ ერთი სასტუმრო კურორტიდან ხუთ კილომეტრში, გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს. ეს არის 10-ნომრიანი სასტუმრო, რომელსაც 30 სტუმრის მიღება შეუძლია. სასტუმროს ყოველდღე ემსახურება სპეციალური სამგზავრო თოვლმავალი, რომელსაც დამსვენებლები გოდერძის საბაგიროს სადგურამდე გადაჰყავს.

გოდერძი ზღვის სიმაღლიდან 2200 მეტრზე მდებარეობს და აჭარის ყველაზე მაღალ წერტილად მიიჩნევა. ჯერჯერობით გოდერძიზე გართობის ინდუსტრია ნაკლებად არის განვითარებული, სამაგიეროდ თოვლის საფარის სისქე ხშირად ორ მეტრს აჭარბებს, რაც საქართველოს სხვა ზამთრის კურორტებთან შედარებით სამჯერ მეტია.