თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ რიყის პარკში, ვერის ბაღში და კიკვიძის ქუჩაზე მიუსაფარი ძაღლების გამოსაკვებად აპარატები დადგა, ნათქვამია ქალაქის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„ბევრს აქვს თანამდებობა, მაგრამ გული?“: კალაძე ქუჩაში მცხოვრები ბავშვებს გაუმასპინძლდა >>
ამგვარად, მერიამ განახორციელა ერთ-ერთი თბილისელის იდეა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პროექტში „შენი იდეა ქალაქის მერს".
„საკმაოდ საინტერესო და კეთილი პროექტი განხორციელდა - მიუსაფარი ძაღლებისთვის სამ ადგილზე კვების აპარატები დაიდგა“, - განაცხადა ქალაქის მერმა კახა კალაძემ.
2019 წლის იანვარში თბილისში კიდევ სამი ასეთი აპარატი გაჩნდება. შემდგომში პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდება.
აპარატიდან ჩამოიყრება ძაღლის საკვები, თუ მასში პლასტმასის 0,5 ლიტრიან ბოთლს ჩააგდებენ. ამ აპარატების მეშვეობით ორი კეთილი საქმე კეთდება - მიუსაფარი ცხოველების დაპურება და ქალაქის ზედმეტი პლასტიკისგან გათავისუფლება. აპარატები მზის ენერგიაზე მუშაობენ.
„აპარატები უკვე დავტესტეთ. მიხარია, რომ ასეთი კეთილი საქმე გაკეთდა და მადლობა იდეის ავტორს. ბევრი იდეა მოგვაწოდეთ, ჩვენ კი მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იდეები განვახორციელოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
რიყის პარკში კვების აპარატებთან ერთად ძაღლებისთვის სახლს დადგამენ. პირველ ეტაპზე თბილისში ათ ასეთ სახლს დადგამენ.
ტელეანძის მოდერნიზაციისთვის 10 მილიონი დოლარი დაიხარჯება >>
თებერვლის დასაწყისში მერიამ წარმოადგინა პროექტი „შენი იდეა ქალაქის მერს", რომლის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია სპეციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს საკუთარი იდეა ქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებასა და მოწყობასთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე შეთავაზებულ იდეებს განიხილავს ვებ-გვერდის ადმინისტრატორი, მეორე ეტაპზე ის გადის კენჭისყრას, მესამე ეტაპზე მას უკვე მერი შეისწავლის, ხოლო მეოთხე ეტაპზე მერიის სტრუქტურები სწავლობენ იდეის განხორციელების შესაძლებლობას.