თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე გაუმასპინძლდა უსახლკარო ბავშვებს, რომლებიც პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო დეკორაციების სანახავად მივიდნენ.
ამის შესახებ ფოტოგრაფმა ზაქარია ჭელიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. თუმცაღა, მსგავსი ინფორმაცია არ გამოჩნდა არც მერიის ვებგვერდზე, არც მერის ოფიციალურ გვერდზე.
გუშინ მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ააწყვეს მოედანზე, სადაც მივიდნენ უსახლკარო ბავშვები, შემდეგ კი კალაძე.
„კახი ესაუბრა ბავშვებს, შემდეგ საჭმელი შეუკვეთა მათთვის და თანამშრომლებისთვის და იქვე მათთან ერთად მიირთვა. ამ ისტორიაში არაფერია განსაკუთრებული, გარდა დამოკიდებულებისა. ბევრი გაიფიქრებს, აბა რა უნდა ექნაო?! მაგრამ ბევრ ფაქტს შევსწრებივარ როცა არ გაუკეთებიათ, არც უფიქრიათ, არც შეუხედავთ ზედ არანაკლები თანხის თუ თანამდებობის მქონე ადამიანებს... ბევრს აქვს თანამდებობა, მაგრამ გული ? ბევრს აქვს ფული, მაგრამ გული ?“, - დაწერა ჭელიძემ.
ემოციურ პოსტს ფოტოგრაფმა მერის და ბავშვების ფოტოები დაურთო.
ფოტოგრაფის პოსტს უკვე აქვს 2600-ზე მეტი ლაიკი, 1000 გაზიარება და 300 კომენტარი.
„მეამაყება, რომ ასეთი ქალაქის მერი გვყავს“, - წერს Aza Zenaishvili.
„შენ ხარ ჯადოსნური ადამიანი“, - წერს Nino Getiashvili.
„მართლა ძალიან კარგი ადამიანია... უბრალოდ მაგ ბავშვებს თბილი ჭერი რომ ჰქონდეთ, ეს იქნებოდა ყველაზე მაგარი რამ! ბავშვები ქუჩაში არ უნდა ცხოვრობდნენ და არც უნდა ჭამდნენ!“, - წერს Nina Nina.
„უანგარო ადამიანი!“, - წერს ნანა შარაშიძე.
კრიტიკაც იყო. ზოგიერთმა მომხმარებელმა მერის საქციელს პოპულიზმი უწოდეს.
„მე არც კახის მომხრე ვარ და არც წინააღმდეგი, უბრალოდ ხშირად მსგავსი ქმედებები პიარის ნაწილია“, - წერს Djaba Kurtishvili.
„ფაქტი ნამდვილად სასიამოვნოა და მისასალმებელი, მაგრამ რაღაცნაირად ორმაგი გრძნობა დამეუფლა“, - წერს Lela Eder.
2012 წლიდან კალაძემ პირველად დაიკავა სახელმწიფო თანამდებობა, უარი თქვა ხელფასზე და მთელი მისი დარიცხული თანხა ქველმოქმედებას ხმარდება. ამასთან, დეკლარაციის თანახმად, ქველმოქმედებაზე ის გაცილებით დიდ თანხას ხარჯავს. მხოლოდ 2017 წელს ამ თანხამ 350 000 ლარი შეადგინა.