მხატვარი უცხოეთში ქართულ კულტურასა და ტრადიციას აქტიურად უწევს პოპულარიზაციას, არის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული საერთაშორისო გამოფენებისა და ფესტივალების ორგანიზატორი. სულ ახლახან დაბრუნდა ბრიუსელიდან, სადაც საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. მასზე წარმოდგენილი იყო ქართველი, უკრაინელი, რუმინელი, გერმანელი ხელოვანების ნამუშევრები. საინტერესოა, რომ ბრიუსელში საქართველოს საელჩოს შენობაში ანა ლაღიძის ორგანიზატორობით მოეწყო ხელოვნების მასტერ-კლასი, სადაც მსურველებს საშუალება მიეცათ გასცნობოდნენ თექისა და ბატიკის შესრულების ტექნიკას და ამ სტილში თავადაც შეექმნათ.
– ქალბატონო ანა, თქვენი და თქვენი ძმის ერთობლივი გამოფენა ჯერ კიდევ აკადემიაში ჩარიცხვამდე გაიმართა, სადაც თქვენი ნამუშევრები წარმოადგინეთ, ასეა?
– მე და ჩემი ძმა ვანო ლაღიძე ბავშობიდან ვხატავთ და ვხაზავთ. გავიზარდეთ არქიტექტორების ნიკო და ნინო ლაღიძეების ოჯახში. ჩემი პაპა ივანე ლაღიძე მხატვარი იყო. მშობლებს თუ რაიმე რუტინული ნახაზი ჰქონდათ დასახაზი, ჩვენ გვავალებდნენ. ამ დავალებას ჩემი ძმა ყოველთვის უკეთ ასრულებდა. ჩვენი პირველი პერსონალური ერთობლივი გამოფენა "ფერადი სიზმრები" 1997 წელს ცისფერ გალერეაში (ახლა უკვე შევარდნაძის სახელობის მუზეუმში) გაიხსნა. მასშტაბური სივრცის ექსპოზიციას 300 ნამუშევარი ქმნიდა, რომლებიც ძირითადად აბსტრაქტულ სტილში იყო შესრულებული. 2002 წელს მე და ჩემი ძმა სამხატვრო აკადემიის აქრიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები გავხდით. აკადემიაში გავლილი წლები მრავალფეროვანი იყო. სწავლის პარალელურად აქტიურად ვიღებდით მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებში, ვმუშაობდით „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებზეც.
– აბსტრაქტულ თემაზე შექმნილი თქვენი ნამუშევრები თექაზე, ბატიკასა და ვიტრაჟზეა შესრულებული...
– ჩემი ნამუშევრები ძირითადად აბსტრაქტულ სტილშია შესრულებული. ბოლო ოთხი წელია, რაც თექის ტექნოლოგიის სრულყოფილად შესწავლით ვარ დაინტერესებული და ამ განხრით ვმუშაობ. ასევე ვეუფლები ბატიკის, ვიტრაჟის და მინანქრის ტექნოლოგიას. მოკლედ რომ ვთქვათ, ვცდილობ ჩემი აბსტრაქტული სიუჟეტები სხვადასხვა ტექნიკაში შევასრულო და ვიზუალურად უფრო მრავალფეროვანი გავხადო. უახლოეს მომავალში ვგეგმავ პერსონალურ გამოფენას და ამ ჯერზე, ალბათ, ჩემი ნამუშევრები მეტწილად ბატიკის და ქვილთის ტექნოლოგიით იქნება შესრულებული.
– ბევრი საინტერესო ფესტივალი გაქვთ ჩატარებული და მათგან რომელს გამოყოფდით?
– მინდა გამოვყო ფესტივალი "საერთაშორისო არტ-სოფელი უწერა", რომლის ორგანიზატორიც ვიყავი. ეს ფესტივალი 2015 წლის აგვისტოს თვეში რაჭაში, კერძოდ, სოფელ უწერაში ჩავატარე. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა ხელოვანებმა, სტუდენტებმა, ონის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა. ის ფესტივალი ქართული კულტურისა და ბუნების პოპულარიზაციას ემსახურებოდა. ვფიქრობ, მსგავსი ფესტივალები საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ ხშირად უნდა ჩატარდეს.
– როგორ გახდეს თბილის მწვანე ქალაქი – ამ საკითხზე გაქვთ გარკვეული მოსაზრება...
– სამი წლის განმავლობაში სამეცნიერო სადოქტორო თემაზე ვმუშაობდი ისეთ აქტუალურ საკითხზე, როგორიცაა "თბილისის რეკრეაციული ლანდშაფტის განვითარების და ფორმირების პრინციპები“. ვფიქრობ ეს ძალიან აქტუალური თემაა და ზოგადად 21-ე საუკუნის გლობალური პრობლემაა. ჩემი კვლევების საფუძველზე ჩამოვაყალიბე ძირითადი პრინციპები, თუ როგორ იქნება შესაძლებელი თბილისის ლანდშაფტის განვითარება და ფორმირება. მზად ვარ ეს გამოცდილება გავუზიარო ნებისმიერს, ვისაც სურვილი აქვს, რომ თბილისი ერთ-ერთი მწვანე ქალაქი იყოს.
– თქვენ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევით და სტუდენტებთან ერთად სატელევიზიო პროექტის გამარჯვებული გახდით, რას გაიხსენებდით?
– ჩემი აზრით, ლექტორობა ძალიან საინტერესო, ამავდროულად საპასუხისმგებლო საქმეა. ჩემში ეს "ერთი მსახიობის თეატრთან" ასოცირდება. საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები პირველი კურსიდან არიან ჩართული პრაქტიკულ სამუშაოებში და ეფლებიან არქიტექტორის პროფესიას. მათთან ერთად, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენც ვსწავლობთ. ვფიქრობ, პედაგოგი ერთ-ერთი საინტერესო პროფესიაა. რაც შეეხება პროექტში გამარჯვებას, საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ინტერიერის დეპარტამენტის სტუდენტებთან ერთად (მენტორის რანგში) ვმონაწილეობდი სატელევიზიო შოუში "რემონტი ნანუკას შოუსთან ერთად", რომლის გამარჯვებულიც ჩვენი ჯგუფი გახდა.
– ახლახან იმყოფებოდით ბრიუსელის საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენაზე, როგორ ჩაირა მან და ყველაზე შთამბეჭდავი ემოცია რამ დაგიტოვათ?
– 2018 წლის 1-12 დეკემბერს ქალაქ ბრიუსელში ჩავატარე საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა-გაყიდვა „ბოგ არტ-გალერეაში“. მასზე წარმოდგენილი იყო ქართველი, უკრაინელი, რუმინელი, გერმანელი ხელოვანების ნამუშევრები. რადგან გამოფენის თემა და ტექნიკა თავისუფალი იყო, შესაბამისად, მასზე სხვადასხვა ტექნიკაში შესრულებული ნახატები გამოიფინა. ამის გარდა ნატალია ხურციძისა და ხატია ოზაშვილის საგანმანათლებლო ცენტრის "საპერე აუდეს" და ბრიუსელში საქართველოს საელჩოს დახმარებით და თანამშრომლობით საქართველოს საელჩოს შენობაში ხელოვნების მასტერ-კლას–გამოფენას გავუწიე ორგანიზება. იქაურ ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, საქართველოდან მოწვეული ხელოვანებისგან გასცნობოდნენ თექასა და ბატიკას. მასტერ-კლასი მე და მხატვარმა თაკო შაშიაშვილმა ჩავატარეთ.
– უცხოეთში გამართული თითოეული გამოფენა ქართული კულტურის ერთგვარი წარდგენაა მსოფლიოს წინაშე, რით შეგვიძლია მსოფლიოს გაოცება?
– როდესაც მონაწილეობას ვიღებ ხოლმე საერთაშორისო გამოფენებში, იქ აუცილებლად მიმაქვს ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით, ქართული მატყლით შესრულებული ჩემი აბსტრაქტული თექის ნაკეთობები (პანოები), რაც ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. ასევე თითქმის ყოველთვის ვატარებ მშრალი თუ სველი თელვის ვორქშოფებს თექის ქსოვილის თუ ნაკეთობის შესაქმნელად და ვცდილობ, ვორქშოფის თემატიკა, მუშაობისა და სწავლის პროცესი ხელოვნებაში უცხო ქვეყნის ხასიათს, ტრადიციებს თუ ტენდენციებს მოვარგო, რათა შეგირდებისთვის უფრო საინტერესო გახდეს. თითოეული ჩვენგანი უცხოეთში ხომ საქართველოსა და ქართული კულტურის ელჩია...
– რა არის იმისთვის საჭირო, რომ სილამაზე შექმნა?
– სილამაზე რომ შექმნა, ამისთვის საჭიროა სიყვარულის უნარი, ინტელექტი და განათლება. ზოგადად, შთაგონება ან მუზა შეიძლება ნებისმიერი რამ გახდეს. ჩემ შემთხვევაში ისეთ შრომისმოყვარე ოჯახში გავიზარდე, რომ ჩემი მუზაც, შთაგონებაც და ყველაფერი მშობლები არიან. ბავშობიდან ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, რომ სულ ხატვა მინდოდა და ხელოვნებაზე საუბარი, ამიტომაა, რომ დღემდე არ ვჩერდები...