არეულობა ინაუგურაციის დღეს: დაკავებულია კიდევ სამი პირი

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს არეულობაში მონაწილე სამ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა.
Sputnik

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა 16 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს სოფელ ველისციხესთან მომხდარი არეულობის საქმეზე კიდევ სამი ადამიანი დააკავეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გასულ კვირას ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია", რომელშიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შედის, თელავში ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა. ოპოზიციონერები პოლიციის მოთხოვნას მარშრუტის შემოვლითი გზით გაგრძელების შესახებ არ დაემორჩილნენ და პოლიციის რამდენიმე კორდონი გაარღვიეს. დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის პოლიციელები დაშავდნენ.

სამართალდამცველებმა დავით კირკიტაძე დააკავეს

ორშაბათს შსს-მ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით კირკიტაძე დააკავა. გამოძიების მონაცემებით, კირკიტაძე პოლიციის ავტობუსში შეღწევას ფანჯრიდან ცდილობდა და ტრანსპორტში მჯდომ პოლიციელს დაარტყა.

რაც შეეხება კიდევ სამ დაკავებულს, სამართალდამცველებმა დააკავეს 32 წლის მამაკაცი, რომელიც კირკიტაძესთან ერთად თავს დაესხა ავტობუსში მჯდომ პოლიციელს.

კირკიტაძისა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის  მუხლით „წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ", რაც ითვალისწინებს ჯარიმას, 6 თვიდან 2 წლამდე ვადით შინაპატიმრობას ან 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ლომჯარია ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებზე: ამ ფაქტს გამოძიება სჭირდება>>>

გარდა ამისა, „ნაცმოძრაობის" წევრის შოთა დალაქიშვილის ცემისთვის კიდევ ორი ადამიანია დაკავებული. დალაქიშვილი 16 დეკემბერს ოპოზიციისა და პოლიციის დაპირისპირების დროს ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. მოგვიანებით ქართულმა მასმედიამ განაცხადა, რომ მას ყბა გაუტეხეს და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

დალაქიშვილის ცემაში ბრალდებულთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე „ძალადობის" მუხლით აღიძრა, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან 120-დან 180 საათამდე ვადით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

გურჯაანსა და თელავში საპროტესტო აქციის დროს 10-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. ინციდენტების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციის თანამშრომლებს ყველა დამნაშავის კანონის ფარგლებში დასჯის პირობა მისცა.