„მალენკი გრუზინი“ საყვარელ მოსკოვში: ხუმარა მფრინავის ამბები ორ ქვეყანაში

ქართველი მფრინავის ისტორიამ, რომელიც მოსკოვს სიყვარულში გამოუტყდა, საქართველოსა და რუსეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
Sputnik

ქართველი პილოტისა და რუსი დისპეტჩერის საუბრის აუდიოჩანაწერი ინტერნეტში გასულ კვირაში გავრცელდა. ამის შემდეგ ქართველი მფრინავი ფრენებს ჩამოაშორეს და საკითხის შესწავლას სპეციალური საბჭო შეუდგა.

როგორ მოხდა ყველაფერი

რეისი თბილისი-მოსკოვი. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის პილოტი გამთენიისას „ვნუკოვოს“ აეროპორტში დაშვებას ახორციელებს. ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რომ არა ერთი გარემოება – მხურვალე ქართველი მფრინავის კარგი განწყობა.

„Большая Москва, доброе утро! Маленький грузин снижается и приветствует вас, любимая Москва!" – ამ სიტყვებით მიმართა მფრინავმა დისპეტჩერს.

საპასუხოდ ქართველს მხოლოდ დაფრენის მშრალი ინსტრუქცია უკარნახეს. შემდეგ მფრინავმა დაშვება სხვა პირობებით მოითხოვა. მას უპასუხეს, რომ დაშვება შეუძლია, მთავარია, დროულად მოასწროს.

„პობედამ“ რუსეთიდან საქართველოში რეისების შესრულების ნებართვა მიიღო

„ქართველები თქვენი დახმარებითა და მხარდაჭერით ყოველთვის ყველაფერს მოასწრებენ. კიდევ თუ სომეხი დაგვემატება, რაიხსტაგამდე ასპროცენტიანი მივალთ“, – პასუხობს Georgian Airways-ის პილოტი.

აქ კი მკაცრმა ავიამეთვალყურეებმა თავი ვეღარ შეიკავეს და სიცილი წასკდათ. თუმცა უპასუხეს მოკლედ: „გასაგებია“.

არსებობს ხუმარა მფრინავის და დისპეტჩერის სხვა აუდიოჩანაწერიც. ამჯერად საუბარი იწყება იმით, რომ „პატარა ქართველი“ „დიდ რუსთან“ თვითმფრინავის დაშვების პირობებს ათანხმებს.

რუსი ავიადისპეტჩერი აქაც მშრალი პასუხით შემოიფარგლა და მფრინავს მიმართავს არა როგორც „პატარა ქართველს“, არამედ როგორც „თამაზ 930“-ს.

ქართველი მფრინავის საუბარი რუს დისპეტჩერებთან

„დანაშაული“ და სასჯელი

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის წესებით (ICAO), რომლის წევრებიც არიან საქართველო და რუსეთი, მფრინავები ვალდებული არიან ერთმანეთს ეკონტაქტონ სტანდარტული ტერმინებისა და ფრაზების გამოყენებით. საუბარი უნდა იყოს მოკლე, გასაგები და არაორაზროვანი.

სწორედ ეს მოთხოვნა გახდა მიზეზი, რის გამოც ქართველი პილოტი რეისებიდან მოხსნეს.

ეკატერინბურგი-თბილისის რეისების რაოდენობა გაორმაგდება

Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა გივი დავითაშვილმა განმარტა, რომ პილოტი დათხოვნილი არ არის, არამედ დროებით ჩამოაშორებულია ფრენებს.

„აღნიშნული საკითხის შესწავლა დასრულებული არ არის. პროცესი გრძელდება... სანამ ძიება არ დასრულდება და არ დადგება შესაბამისი შედეგი, მფრინავს არ აღადგენენ“, – განუცხადა დავითაშვილმა საინფორმაციო სააგენტოს Новости-Грузия.

ამჟამად ექსპერტები შიფრავენ შავი ყუთის მონაცემებს და გავრცელებული აუდიოჩანაწერის ნამდვილობას სწავლობენ. ამის შემდეგ ავიაკომპანია გადაწყვეტილებას მიიღებს.

ახალი ჰორიზონტები

ეს სახალისო ისტორია უყურადღებოდ არ დაუტოვებია რუსულ ავიაკომპანია „პობედას“, სადაც, Georgian Airways-სგან განსხვავებით, ქართველი პილოტის იუმორის გრძნობა სათანადოდ შეაფასეს.

ცრუ შეტყობინება ბომბის შესახებ: სიდედრი სიძეზე იყო გაბრაზებული >>

მეტიც, ლოუკოსტერის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი კალმიკოვმა მამაკაცს სამსახური შესთავაზა.

„ძვირფასო „გენაცვალე“! მასმედიაში წერენ, რომ თქვენ რუსეთის დიდი სიყვარულის გამო ფრენებს ჩამოგაშორეს. გთავაზობთ გაიაროთ ტესტირება „პობედაში“ და იფრინოთ ჩვენი ახალი თვითმფრინავებით - Boeing 737NG და 737MAX. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მაღალ პროფესიონალიზმსა და იუმორის შესანიშნავ გრძნობას!“ – დაწერა კალმიკოვმა Twitter-ის საკუთარ მიკრობლოგში.

თუმცა, Sputnik-ის კორესპონდენტის შეკითხვაზე, როგორ აპირებს ავიაკომპანია უცხოელ პილოტთან კონტრაქტის გაფორმებას, „პობედამ“ საკმაოდ ბუნდოვანი პასუხი გასცა.

„ავიაკომპანია „პობედაში“ აფასებენ მაღალ პროფესიონალიზმს, იუმორის გრძნობას და, რა თქმა უნდა, ყოველთვის მიესალმებიან მეგობრობას და პატივისცემას სამსახურში. პილოტს შესთავაზეს ტესტირება ავიაკომპანია „პობედაში“, – ნათქვამია ავიაკომპანიის წარმომადგენლის კომენტარში.

ლოუკოსტერი „პობედა“ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ავიაკომპანიაა რუსეთში. პირველი თვითმფრინავი 2014 წლის 1 დეკემბერს აფრინდა. უკვე 2015 წლის აპრილში „პობედამ“ რუსეთის უმსხვილესი ავიაკომპანიების ათეულში მეცხრე ადგილი დაიკავა.

სოციალური ქსელები

იუმორისტი მფრინავის თემა სოციალური ქსელების მომხმარებლების ტოპ-თემა გახდა.

ზოგიერთი აკრიტიკებს მფრინავს და მას „ერის მოღალატეს“ უწოდებს, თუმცა დამცველი გაცილებით მეტი გამოუჩნდა.

რა ბედი ეწევა ჩვენს ახალგაზრდა მფრინავს – დრო აჩვენებს, ჯერჯერობით კი ქართველი იუმორისტი ბორტს მიღმაა დარჩენილი.