ისრაელს საქართველოს საელჩოს იერუსალიმში გადატანა სურს

მინისტრის მოადგილის თქმით, სხვადასხვა ქვეყნების საელჩოების იერუსალიმში გადატანის საკითხი ისრაელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ციპი ხოტოველმა გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოს საელჩო იერუსალიმში გადავიდეს, იუწყება პირველი არხი.

ხოტოველი საქართველოში ჩამოვიდა ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად, რომელიც თელავში 16 დეკემბერს შედგა.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის საუკეთესო მომენტები – ვიდეო >>

„მე საქართველოს დიდი გულშემატკივარი ვარ. ჩემი მშობლები წარმოშობით საქართველოდან არიან და საქართველოსთან პირადი სიყვარული მაკავშირებს. მოხარული ვარ, რომ საქართველოს მიეცა საშუალება, ჰყავდეს პრეზიდენტად ქალი. ვულოცავ ქართველებს და ახალ მთავრობას ვუსურვებ წარმატებას“, – განაცხადა ხოტოველმა.

მისი თქმით, ორმა ქვეყანამ უნდა ითანამშრომლოს ტექნოლოგიის, ეკონომიკის სფეროში და მისი ვიზიტი საქართველოში თანამშრომლობის გაფართოებას ისახავს მიზნად.

„მე ვისურვებდი ასევე მესაუბრა იერუსალიმზე, ჩვენ დედაქალაქზე. ჩვენ ვისურვებდით, რომ საქართველოს საელჩო გადასულიყო იერუსალიმში. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ხოტოველმა.

საქართველო და ისრაელი სამხედრო თანამშრომლობის ახალ დონეზე გადადიან

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი გასული წლის დეკემბრის დასაწყისში აღიარა. ამერიკის ლიდერის გადაწყვეტილება პოზიტიურად მიიღეს ისრაელში. ამასთან, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, პირველ რიგში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და პალესტინაში, ამან ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 დეკემბერს მოიწონა რეზოლუცია, რომელიც, ფაქტობრივად, მოუწოდებს, ბათილად გამოცხადდეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდება, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარონ. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 128 ქვეყანამ, ცხრა წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 35-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდნენ აშშ, ისრაელი, გვატემალა, ჰონდურასი, ნაურუ, მარშალის კუნძულები, პალაუ, ტოგო, მიკრონეზია. იმ სახელმწიფოთა შორის, ვინც თავი შეიკავა, არიან არგენტინა, ბენინი, კანადა, ხორვატია, ლატვია, მექსიკა, რუმინეთი და სხვ. ამასთან, 20-მა ქვეყანამ კენჭისყრაში საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის საქართველომ, უკრაინამ, მონღოლეთმა, მოლდოვამ, ზამბიამ.