საპროტესტო აქცია გრძელდება: რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა წარწერით „არა სალომეს” კარვებიც გაშალეს
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დღეს თელავში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა. ასევე, ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა.

ველისციხესთან დაშავებული პოლიციელები საავადმყოფოში გადაიყვანეს

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები თელავში ჩასვლას ცდილობდნენ, თუმცა საპატრულო პოლიციამ მათი კოლონა ჯერ გომბორის გზაზე არ გაატარა, მოგვიანებით კი გურჯაანის სოფელ ველისციხეში გზა ავტობუსებით ჩაუხერგა, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა.

ოპოზიციის წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც თბილისიდან დაძრული კოლონა თელავში არ შეუშვეს. მათი განცხადებით, ისინი დაშლას არ აპირებენ და სწორედ რუსთაველის გამზირიდან გააპროტესტებენ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისთვის მიერ მოპარულ არჩევნებს. მათ მოთხოვნებში ასევე საპარლამენტო არჩვენების პროპორციულ სისტემაზე გადაყვანა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა შედის.

პირველი სკოლიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემდე გზის ჩაკეტვის გადაწყვეტილება სამართალდამცველებმა მას შემდეგ  მიიღეს, რაც ოპოზიციის აქტივისტთა მცირე ნაწილი საავტომობილო გზაზე გადავიდა და საავტომობილო მოძრაობა შეზღუდა. ისინი სამართალდამცველების მოთხოვნას დაბრუნებულიყვნენ ტროტუარზე არ დაემორჩილნენ. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა გზა თავად გადაკეტეს.

გაერთიანებული ოპოზიცია რუსთაველზე კარვებს შლის

რუსთაველის გამზირზე  გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა კარვებიც გაშალეს, წარწერით „არა სალომეს”. ისინი მხარდამჭერებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ელოდებიან.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი კენჭს იყრიდა როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. თუმცა მას მხარს აქტიურად მმართველი პარტია უჭერდა. ზურაბიშვილს ხმა მისცა 1,1 მილიონმა ამომრჩეველმა, ანუ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების 59,52%-მა.