თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად 15 დეკემბერს გაიხსნება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия „საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიაზე" დაყრდნობით.
გუდაური სტუმრებს 15 დეკემბრიდან მიიღებს. სწორედ ამ დღეს – 15 დეკემბერს კურორტი გუდაური 30 წლის ხდება.
სვანეთის კურორტები თეთნულდი და ჰაწვალი სტუმრებს 22 დეკემბრიდან უმასპინძლებს. ზამთრის სეზონი ბაკურიანში ასევე 22 დეკემბერს გაიხსნება.
წელს ზამთრის კურორტებზე სულ 41 საბაგირო გზა იმუშავებს. მხოლოდ გუდაურში იფუნქციონირებს 18 საბაგირო, აქედან ექვსი – ახალი. გუდაურში სულ 20 სათხილამურო ტრასაა, რომელთა საერთო სიგრძე 70 კილომეტრია.
რაც შეეხება ბაკურიანს, ის ახალ სეზონს რვა საბაგირო გზით შეხვდება. ამ კურორტზე 14 კილომეტრი საერთო სიგრძის შვიდი სათხილამურო ტრასაა.
ახალგაზრდა კურორტ გოდერძიზე ოთხი საბაგირო გზა იმუშავებს. იქ სულ სამი ტრასაა 8 კილომეტრი საერთო სიგრძით.
წელს თეთნულდში ოთხი საბაგირო გზით სარგებლობა იქნება შესაძლებელი, თუმცა ტრასების რაოდენობა ორჯერ მეტია. მათი საერთო სიგრძეა 30 კილომეტრი.
ჰაწვალში ორი საბაგირო გზა იმუშავებს. აქ რვა სათხილამურო ტრასის საერთო სიგრძეა 7 კილომეტრი.