შშმ პირები პირადობის მოწმობებს უფასოდ აიღებენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მიმდინარე აქციას სპეციალურად შშმ პირებისთვის ატარებს.
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პირადობის მოწმობებს 10 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით უფასოდ მიიღებენ, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე.

საქართველოში მკაცრდება ჯარიმები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სასარგებლოდ>>>

იმ შემთხვევაში, თუ სრულწლოვანი პირი შშმ სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს, იგი პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის უფასოდ მიღებას შეძლებს. არასრულწლოვანი პირი კი შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთხვევაში პირადობის მოწმობას მიიღებს.

იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ისარგებლონ აღნიშნული აქციით, უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს და შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინონ.

უჩვეულო ექსკურსია მღვიმეში და შშმ პირი, რომელმაც ჯილდოდ მიღებული თანხა სხვებს მოახმარა

შშმ პირები ფოტოსურათის გადაღების საფასურისგანაც თავისუფლდებიან.

შშმ პირი მზა დოკუმენტს ათი დღის განმავლობაში მიიღებს.

პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქციები იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით 2013 წლიდან ტარდება. 2013-2018 წლებში გაცემული 2,6 მლნ-ზე მეტი პირადობის მოწმობიდან დაახლოებით 1,5 მილიონი უფასოდ ან შეღავათიან ფასად არის გაცემული.

მიმდინარე აქცია სპეციალურად შშმ პირებისთვის ტარდება.

საქართველოში დარეგისტრირებულია 124,5 ათასზე მეტი შშმ პირი, რომლებიც სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებენ. აქედან 25 ათასზე მეტია აშკარად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (პირველი ჯგუფი), 75 ათასზე მეტია მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (მეორე ჯგუფი) და 14 ათასამდე – ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (მესამე ჯგუფი). შშმ პირები 18 წელს ქვევით 9,5 ათასზე მეტია.