თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ზამთრის დადგომისთანავე „თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ“ კანონის დაცვის კონტროლი მკაცრდება, იუწყება პირველი არხი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაციით, 5 დეკემბერს თბილისში, მხოლოდ აბაშიძის ქუჩაზე ორი კაფე-ბარი დააჯარიმეს. ჯარიმის ოდენობამ 500 ლარი შეადგინა.
საქართველოში მწეველთა სასარგებლოდ დათმობებზე მიდიან >>
ძირითადად დარღვევები ფიქსირდება ისეთ ადგილებში, სადაც ზაფხულში იყო ღია ვერანდები, ხოლო ზამთარში კი ეს სივრცეები ფარდებით, ცელოფნებით და მინებით შეფუთეს. ზოგიერთი დაწესებულების მეპატრონე გაფრთხილების მიუხედავად კანონს არ იცავს: მაგიდებზე სტუმრებისთვის განკუთვნილი საფერფლეების არსებობა დახურულ სივრცეში მოწევის წამახალისებლად აღიქმება, აღნიშნავენ „ალიანსში“.
„თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ“ კანონი ძალაში 2018 წლის მაისში შევიდა. მოწევა იკრძალება დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
საქართველოში მარიხუანის მოხმარებისთვის მკაცრი შეზღუდვები დაწესდა >>
სიცივეების დადგომასთან ერთად ბევრ დაწესებულებაში საზაფხულო ვერანდები გადახურეს, ზოგიერთი მათგანი ღია სივრცის პრინციპით მუშაობას აგრძელებს და კლიენტებს მიწევის ნებართვას აძლევს.
„თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მონიტორინგის სამსახურმა ღამის რეიდები დაიწყო. ინსპექტორების მთავარი მიზანია იმ ღამის კლუბების, კაფე-ბარებისა და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულებების გამოვლენა, რომლების კანონს არღვევენ. მონიტორინგი ასევე გამკაცრდა საზოგადოებრივ დაწესებულებებში, სადაც საჯარო მოსამსახურეების მხრიდან კანონდარღვევები დაფიქსირდა.
პირველ ეტაპზე პოლიცია აჯარიმებს 500 ლარიანი ჯარიმით, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი - 1000 ლარით.