თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდას რაიონის სოფელ ფოკას მცხოვრებლებმა ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული თანასოფლელის ორი სახლი და მანქანა დაწვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ტელეარხის მონაცემებით, ხანძარი რამდენიმე საათს გაგრძელდა, შედეგად განადგურდა ორი სახლი და მანქანა.
შსს-მ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა და ორი პირი „ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განადგურების“ ბრალდებით დააკავა, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ფაქტს, ტელეარხის მონაცემებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ძველი კონფლიქტის ნიადაგზე შურისძიების მოტივით არის ჩადენილი.