თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. შსს-მ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.
„სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების განცხადებით, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. მოცემულ მომენტში მათი საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტულ მიზნებზე და ამოცანებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს, არიან თუ არა კავშირში უკრაინის და საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.
სპეცოპერაცია თბილისში: დაკავებულია შვიდი მოქალაქე >>
გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა შორისაა ბატალიონ „დონბასის" ქართველი მებრძოლი 26 წლის ლუკა ჩხეტია. მის ოჯახს ბრალდების არ სჯერა და ჩხეტიას უმოკლეს ვადაში გათავისუფლებას მოითხოვს.