არჩევნები ხელს არ უშლის: საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპები დაჩქარდა

ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ძირითად მიზეზებს ექსპორტის, ტურიზმისგან მიღებული შემოსავლებისა და უცხოეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა წარმოადგენს
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2018 წლის ოქტომბერში, წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,7% შეადგინა, ხოლო ათ თვეში - 5,1%, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

ეკონომიკურმა ზრდამ 2018 წლის სექტემბერში 5,6% შეადგინა, ხოლო ცხრა თვეში - 4,9%.

2018 წლის ოქტომბერში ზრდა დაფიქსირდა გადამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობისა და მშენებლობის სფეროებში.

საქართველო როგორც რეგიონის ლიდერი - მაჭავარიანი ეკონომიკის 5%-იან ზრდას გვპირდება

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ერთი თვის მაჩვენებელს, რომელსაც გასული წლის შესაბამის თვეს ადარებენ, განსაკუთრებული მნიშვნელობა არ გააჩნია.

„ეს პროცენტი გასულ წელთან შედარებით - სინამდვილეში ძირითადი პროცენტი არ არის, არაფერს ამტკიცებს და არაფერს აჩვენებს. წლიური პროცენტი დაახლოებით ვიცით - ეს საშუალოდ 5%, ეს კი 14-მილიარდიანი ეკონომიკისათვის ძალზე მცირე ზრდაა. ეს შესანიშნავი იქნებოდა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და გერმანიის ეკონომიკისთვის, მაგრამ არა საქართველოსთვის“, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ გიორხელიძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომელიც საქართველოში 2018 წლის ოქტომბერში იმყოფებოდა, საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,5%-დან 5%-მდე დაწია.

„ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, როგორც მოსალოდნელია, 2018-2019 წლებში გარკვეულწილად გაიზრდება ნავთობზე გაზრდილი ფასების გამო“, - ნათქვამია პრეს-რელიზში ვიზიტის შედეგების მიხედვით.

საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი ჩქარდება >>

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპების კლების მიუხედავად, საშუალოვადიან პერსპექტივაში ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება, რასაც ხელისუფლების მიერ გატარებული სტრუქტურული რეფორმები შეუწყობს ხელს.