დასახელდა ზურაბიშვილის და მარგველაშვილის შეხვედრის თარიღი

ინფორმაცია გიორგი მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალმა ხელმძღვანელმა გაავრცელა
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. მოქმედი და ახლადარჩეული პრეზიდენტების - გიორგი მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა 3 დეკემბერს შედგება, სადაც ისინი უფლებამოსილების გადაბარების საკითხს განიხილავენ, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალმა ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ პირველი არხის ეთერში.

მარგველაშვილი: ვულოცავ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს >>

ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერდა, ოთხშაბათს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთა 59,52%-მა მისცა ხმა, ხოლო ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს - 40,48%.

მამუკა ბახტაძე: ჩვენ არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს

„ორშაბათს შედგება არჩეული პრეზიდენტისა და პრეზიდენტის შეხვედრა. სავარაუდოდ, იქ ჩამოყალიბდება გადაბარების ჯგუფი და ასევე, მსჯელობა იქნება ინაუგურაციის დეტალებზე, რომელიც ვიცით, რომ 16 დეკემბერს უნდა იყოს“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მარგველაშვილმა ზურაბიშვილს არჩევნებზე გამარჯვება მეორე დღეს მიულოცა და ადმინისტრაციულ საკითხებსა და ინაუგურაციის ორგანიზაციის საკითხებში თანამშრომლობა შესთავაზა.

ზურაბიშვილმა მომავალ შეხვედრას უწოდა საქართველოს დემოკრატიულობის მაჩვენებელი.