კასპში ესპანური ტექნოლოგიით აგურს გამოუშვებენ

კასპის რაიონში აგურის წარმოების ტრადიცია აღდგება
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. კასპის რაიონის სოფელ მეტეხში აგურის ქარხანა აშენდება, იუწყება პირველი არხი.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა, ესპანური კომპანია „კერამიკა ელ ტორენტეს“ წარმომადგენელმა ქარხნის აშენების ადგილი დაათვალიერეს და ქარხანას საძირკველი ჩაუყარეს.

კახა კალაძემ ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა >>

„კომპანია იმუშავებს ახალი ესპანური ტექნოლოგიით მეტეხის თიხისგან ქართული აგურის გამოშვებაზე. ეს იქნება არამარტო აგური, არამედ სატიხრე ბლოკები. წარმოებაზე 50-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონ დოლარს შეადგენს“, - განუცხადა ჟურნალისტებს საგანელიძემ.

აგურის ქარხნის აშენება 10 თვეში იგეგმება. წელიწადში ქარხანა 120 ათას ტონამდე ენერგოეფექტურ აგურს გამოუშვებს. პროდუქციის რეალიზაცია იგეგმება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ქარელში ხილის გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნა

„კასპის რაიონში, კონკრეტულად მეტეხში, ნადვილად იყო აგურის წარმოების დიდი გამოცდილება, მაგრამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს ტრადიცია გაქრა“, - აღნიშნა სუბარმა.

კვირას გახდა ცნობილი, რომ ლილოში კიდევ ერთი აგურის ქარხანა აშენდება, სადაც წარმოებული ენერგოეფექტური ბლოკები სახლის გათბობისა ან გაგრილებისათვის საჭირო ენერგიის 20-30%-იანი ეკონომიის წყარო გახდება.

ენერგოეფექტური ბლოკების წარმოებით გერმანული კომპანია Ytong-ი დაკავდება.