თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელში, დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის ბაზაზე ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივით ინოვაციური სასწავლო-სამეწარმეო კოლეჯი დაარსდება, იუწყება უნივერსიტეტის პრესამსახური.
აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ინიციატივას ჩაერთვება აშშ-ის აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ISU) და სათემო კოლეჯების საერთაშორისო გაერთიანება Community colleges for international development (CCID). ახალი ინიციატივა დადებითად შეაფასეს ამერიკელმა და ქართველმა კოლეგებმა, რომლებმაც ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, არჩილ ფრანგიშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
ინიციატივის თანახმად, მრავალპროფილიანი, მულტიპროგრამული სასწავლო-საწარმოო კოლეჯი თავისი შინაარსით, დანიშნულებით, ფუნქციებითა და სტატუსით ამერიკული სათემო კოლეჯის ანალოგი იქნება.
ამჟამინდელი კოლეჯი სრულიად გარდაიქმნება თანამედროვე ტიპის სასწავლო დაწესებულებად, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება უახლესი სახელოსნოებითა და ლაბორატორიებით, მრავალპროფილური პროგრამებითა და მაღალკვალიფიციური კადრებით.
კოლეჯი რეგიონის საჭიროების მიხედვით მოამზადებს ტექნიკურ პერსონალს შემდეგი მიმართულებებით: სამოქალაქო-სამშენებლო, საგზაო-საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო (აეროდრომების) მშენებლობა, მენეჯმენტი და ლოჯისტიკა; მანქანათმშენებლობა და შემკეთებელი საწარმოები; სოფლის მეურნეობის (აგრონომია, მეცხოველეობა, ვეტერინარია) და მასთან დაკავშირებული სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი წარმოებების სხვადასხვა მიმართულებების ტექნოლოგიები.
საქართველოში პატიმრები ახალი ცხოვრების დაწყებას შეძლებენ >>
ტექნიკური სასწავლებელი დიდ ჯიხაიშში დააარსა ქართველმა პუბლიცისტმა, განმანათლებელმა და საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ. მისი ადგილმდებარეობა შეირჩა სერიოზული ეკონომიკური კვლევების საფუძველზე, რათა იმერეთის რეგიონი უზრუნველყოფილი იყოს სათანადო სამრეწველო-ტექნიკური კადრებით. შესაბამისად, ახალი ინიციატივა დასავლეთ საქართველოში ხელს შეუწყობს მზარდი ეკონომიკური ინიციატივების განვითარებას.