გიორგი მარგველაშვილი: ბოლო შეხვედრები პრეზიდენტის რანგში

Sputnik

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის რის წინ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებთან შეხვედრები გამართა, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

გიორგი მარგველაშვილი ჯერ IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) წარმომადგენლებს შეხვდა და გაეცნო იმ შეხედულებებსა და პოზიციებს, რომელიც სადამკვირვებლო მისიის წევრებს წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით აქვთ. 

„საკამოდ პოლარიზებულია საარჩევნო გარემო და ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება შეასრულოს არჩევნების დღეს სადამკვირვებლო ორგანიზაციების ქცევამ და მათმა შეფასებებმა. მათი პოზიციის მოსმენა ძალიან საინტერესოა პრეზიდენტისთვის“, – აღნიშნა პოლიტიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ.

გააკეთეთ არჩევანი მშვიდად - შსს წესრიგის დასაცავად ყველა ზომას გამოიყენებს

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, პრეზიდენტი თავის მხრივ, სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული შეხედულებები გაუზიარა.

„არაერთი მნიშვნელოვანი შეფასება, საგანგაშო სიგნალი მოვისმინეთ, მათ შორის, ჩვენი ადგილობრივი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. ამ ყველაფრის გათვალისწინება და პრევენცია, როგორიც იყო ძალადობის ფაქტების გამოვლინება, გარკვეული მოსაზრებები სარჩევნო მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია ამ დროს ერთობლივად, სერიოზული მუშაობა იმისათვის, რომ მეორე ტური, რომელიც თავისთავად არის დემოკრატიულობის ნიშანი, ჩატარდეს ისე, რომ ამ დემოკრატიულობის ხარისხს ჩრდილი კი არ მიადგეს, არამედ ჩვენ დავრჩეთ ან ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ ქართულ დემოკრატიაში“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

დღესვე  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიასაც შეხვდა.

რა არ ვიცოდით არჩევნების შესახებ: 10 გადამწყვეტი ფაქტი

გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო მისიის წარმომადგენლებისგან მოისმინა ის შეფასებები და პოზიციები, რომელიც მათ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით აქვთ.

საქართველოს პრეზიდენტმა წინასაარჩევნო გარემო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზეც  განიხილა.

„ტრადიციულად დიდია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ინტერესი, თუ როგორ ჩაივლის საპრეზიდენტო არჩევნები, ამ შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მათ აქვთ დიდი მოლოდინი და იმედი იმისა, რომ ეს იქნება დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯი და არა პირიქით“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ამისათვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ხვალინდელი დღე წარმოიდგინოს, როგორც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და იმუშაოს, რომ ჩატარებული არჩევნები მაქსიმალურად ახლოს იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან, იყოს მშვიდობიანი, სამართლიანი; პოლარიზების მაღალი ხარისხი, რომელიც შეიმჩნეოდა წინასაარჩევნო პერიოდში დამთავრდეს არჩევნებთან ერთად და ქვეყანამ ერთობლივი ძალებით წინსვლა განაგრძოს.

„მე ხმას ვაძლევ..." - ვის უჭერს მხარს ქართული შოუ-ბიზნესი?

ოთხშაბათს საქართველოს მოსახლეობა ექვსი წლის ვადით რიგით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს. ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფო მეთაურს პირდაპირი წესით აირჩევენ. ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და პრეზიდენტსაც საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე პირველ ტურში, 28 ოქტომბერს, კენჭს იყრიდა 25 კანდიდატი, მაგრამ გამარჯვებისთვის საჭირო 50%-იანი ზღვარი ვერცერთმა მათგანმა ვერ გადალახა.

შედეგად მეორე ტურში გავიდა ორი კანდიდატი, რომლებმაც ხმათა უდიდესი რაოდენობა მოიპოვეს. დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, პირველ ტურში მოიპოვა 38,64%. მან თითქმის ერთი პროცენტით გაუსწრო თავის მთავარ კონკურენტს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ სა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გრიგოლ ვაშაძეს (37,74%).