მედია-გამოკითხვა: პრეზიდენტი ზურაბიშვილი გახდება

საქართველოს ერთ-ერთმა უდიდესმა მედიაჰოლდინგმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით საკუთარი გამოკითხვა ჩაატარა
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების მეტი შანსები აქვს, ამას მოწმობს გამოკითხვის შედეგები, რომელიც ჩაატარა მედიაჰოლდინგ Palitra Media-ში შემავალმა პოპულარულმა ინტერნეტ-გამოცემებმა ipn.ge, ambebi.ge და kvirispalitra.ge.

კითხვაზე „ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?“ მკითხველთა 53%-მა უპირატესობა ზურაბიშვილს მიანიჭა, ხოლო 33%-მა - მის კონკურენტ გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმოადგენს.

საქართველოს პრემიერი ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდებს >>

გარდა ამისა, მკითხველთა შვიდ-შვიდმა პროცენტმა უპასუხა, რომ არჩევნებზე არ წავა ან ორივე კანდიდატს გადახაზავს.

გამოკითხვა 23 ნოემბერს დაიწყო და ორშაბათს დასრულდა. მასში მონაწილეობა 36,4 ათასმა ადამიანმა მიიღო. გამოკითხვაში ერთი IP-მისამართით ხმის მიცემა ერთ ადამიანს შეეძლო.

არქიმანდრიტი იოანე: პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, არჩევნებში ყველამ მიიღოს მონაწილეობა

მანამდე სხვა გამოკითხვების შედეგები გამოქვეყნდა. კერძოდ, კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც ტელეკომპანია Rustavi2-მა დაუკვეთა, კითხვაზე „ვის მისცემდით ხმას, პრეზიდენტის არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს?“, გამოკითხულთა 37%-მა დაასახელეს ვაშაძე, ხოლო 35%-მა - ზურაბიშვილი.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. პრეზიდენტის პოსტზე იბრძოლებენ ზურაბიშვილი და ვაშაძე. პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს ჩატარდა, ზურაბიშვილმა 38,64% დააგროვა, ვაშაძემ - 37,74%.