ეროვნულმა არქივმა მე–17 საუკუნის პოეტის ხელნაწერი გამოაქვეყნა

ხელნაწერში, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივში 1923 წლიდან ინახება, წმინდა გიორგის ცხოვრებაა ასახული
Sputnik

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ეროვნულმა არქივმა   წმინდა გიორგის ცხოვრებასა და მოწამეობის სცენებზე საარქივო მასალა გამოაქვეყნა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს.

ტელეკომპანიის ცნობით, საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება მე-17 საუკუნის პოეტის, დათუნა ქვარიანის „ლექსად თქმული წმინდა გიორგის ცხოვრების“ ორი ხელნაწერი, გადაწერილი მე-17 და მე-19 საუკუნეებში.

წიგნი გაფორმებულია მინიატურებით, რომლებიც წმინდა გიორგის ცხოვრებაა ასახული. 

ხელნაწერი ეროვნულ არქივში 1923 წლიდან ინახება. 

დათუნა ქვარიანი XVII საუკუნის ქართველი პოეტია. მოხსენიებული ჰყავს არჩილ II-ს „თეიმურაზისა და რუსთველის გაბაასებაში“. გალექსილ თხზულებას „წამება წმიდისა მთავარ მოწამისა გიორგისი“ საფუძვლად უდევს ამავე სათაურის ქართული პროზაული ძეგლი. თხზულება დაწერილია 16-მარცვლიანი შაირით.