გამოვხატოთ შვილის მიმართ ემოციური მხარდაჭერა – ბავშვის არასასურველი ქცევა სიგნალია

რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი სკოლაში ნატალია ბაქრაძე.
Sputnik

ოჯახი ის მიკროსოციუმია, რომელშიც ბავშვი მუცლად ყოფნის შემდგომ ახალ სიცოცხლეს იწყებს. ბუნებრივია, რომ იგი ბავშვისთვის ყველაზე უსაფრთხო და სანდო გარემო უნდა იყოს.

მშობლების მიერ ბავშვის უპირობო პოზიტიური შეფასება, მიღება, უპირობო სიყვარული კი მას თვითრწმენას, გარემოსადმი ნდობას, უსაფრთხოების შეგრძნებას უყალიბებს. მარტივად რომ ვთქვათ, უპირობო ურთიერთობების დროს მშობლები შვილს იღებენ ისეთს, როგორიც არის, დადებითი და უარყოფითი მხარეებით, უსმენენ, იზიარებენ მის ემოციებსა და განცდებს, სერიოზულად აღიქვამენ და არ უგულებელყოფენ მის შფოთვებსა და შიშებს. ბავშვი თავს ოჯახის მნიშვნელოვან წევრად გრძნობს.

ფანჯიკიძე: შვილები არ გაგვიჩენია იმიტომ, რომ აასრულონ ჩვენი ოცნებები

სკოლაში მისვლასთან ერთად ბავშვის ემოციური სფერო მკვეთრად იცვლება, წარმოიქმნება გარკვეული ტიპის შიშები, სირცხვილის გრძნობა, მაგალითად, ცუდი ნიშნების გამო. ბავშვის მომეტებული შფოთვის მიზეზი შესაძლოა გახდეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა გადამეტებული მოთხონები მშობლების, მასწავლებლებისა და აღმზრდელების მხრიდან. ასევე ხშირი საყვედური, კრიტიკა, გადამეტებული სიმკაცრე. ხშირად შფოთვის მიზეზი მშობლების მხრიდან ემოციების გამოხატვის შეზღუდვაა, რაც ბავშვს არაპროდუქტიულსა და უინიციატივოს ხდის, ხშირად ვლინდება აგრესიული ქცევებიც.

ემოციური მხარდაჭერა კი პროცესია, როდესაც ავტორიტეტები – დედა და მამა შვილთან ერთად უმკლავდებიან სირთულეებს და ამხნევებენ მას. ეს ბავშვს ეხმარება სჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, საკუთარი განსაკუთრებულობის, ამით საშუალება ეძლევა შეცდომა, რომელიც ისედაც სტრესულია მისთვის, აღიქვას არა როგორც ტრაგედია, რომლის გამოც ეჩხუბებიან და დასჯიან, არამედ აღიქვას, როგორც ნაბიჯი, რომელიც არასწორად განახორციელა და აქვს უნარი გამოასწოროს ის.

ამონაშვილი: როცა ბავშვი თავს არიდებს საშინაო დავალების შესრულებას, უნდა მოვუსმინოთ მას

დედისა და მამის ერთიანი ემოციური მხარდაჭერა განაპირობებს იმას, რომ ბავშვი თავდაჯერებულად შეხვდეს სხვადასხვა გამოწვევას, ეს იქნება ბაღი, სკოლა, ახალი ურთიერთობები თუ სხვა. როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ პრობლემასთან მარტო არ არის, იგი ნაკლებად შფოთავს მოსალოდნელი სიახლეების გამო, თავისუფლად გამოხატავს თავის ემოციებს და ნაკლები არასასურველი „მასალით“ იტვირთება მისი არაცნობიერი.

ბავშვის არასასურველი ქცევა ყოველთვის სიგნალია იმისა, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, მიზეზი კი უმეტეს შემთხვეევაში ყურადღების, სითბოს, ემოციური მხარდაჭერისა და ურთიერთობების ნაკლებობაა.

ბავშვის, მშობლისა და მასწავლებლის სამკუთხედი – თუ თქვენ კლასში განსაკუთრებული მოსწავლეა

როგორ გაამხნევოთ შვილები?

გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას, რომლითაც შეძლებთ თქვენი მხარდაჭერა აგრძნობინოთ შვილებს:

სიტყვები: მაგალითად, „ყოჩაღ!“, „ასე გააგრძელე!“, „ძალიან კარგია!“, „კარგად გამოგივიდა!“

ფრაზები: „შენით ვამაყობ!“; „მომწონს როგორ მუშაობ და ინდომებ“; „ნამდვილად ვხედავ შენ წინსვლას“; „ბედნიერი ვარ, რომ ეცადე და სწორად გააკეთე“,“მესმის შენი, მეც მიჭირდა“; „მესმის, რომ გეშინია, ბავშვობაში მეც მეშინოდა, მოდი, ერთად მოვერიოთ შენს შიშს“; „შემიძლია დაგეხმარო და ერთად გადავწყვიტოთ პრობლემა“; „შენ დაძლევ!“; „მე მჯერა შენი, გამოგივა!“

საბავშვო ბაღში ცრემლიანი თვალების გარეშე – სპეციალისტის რჩევები

შეხება: ჩახუტება

აქტივობები: მასთან ერთად სეირნობა, საუბარი მისთვის საინტერესო თემებზე, მასთან ერთად თამაში, საკუთარი გამოცდილების გაზიარება, შეცდომებსა და მათი მოგვარების გზებზე საუბარი,

სახის გამომეტყველება: თვალებით კონტაქტით – თბილი შეხედვით, გულწრფელი ღიმილით, ამ დროს აუცილებლად მის სიმაღლეზე უნდა იმყოფებოდეთ, ჩაიმუხლეთ ან დასხედით სკამზე.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მოქმედება უნდა ხორციელდებოდეს გულწრფელად;

ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ თქვენ მას აღიქვამთ, როგორც ფასეულ პიროვნებას, რომლის განცდები თქვენთვის მნიშვნელოვანია.

აუცილებელია მხარდაჭერის გამოხატვისას უყურებდეთ თვალებში და ყოველ ფრაზას, გამოხედვას, ჟესტსა თუ მიმიკას თან ახლდეს თქვენი წრფელი და ნამდვილი ემოცია – აღფრთოვანება, როცა ამბობთ სიტყვას „ყოჩაღ!“; თანაგრძნობა, როცა ამბობთ ფრაზას „მე შენი მესმის“.

რატომ ჩხუბობენ დედმამიშვილები გამუდმებით და როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი

არასდროს უთხრათ შვილებს: „ბევრი გემეცადინა და გამოგივიდოდა“; „შენ ვერ შეძლებ ამას!“; „შეხედე, სხვებს გამოსდით და შენ რა გჭირს?!“ „გოგო ხომ არ ხარ რომ ტირი?!“; „ნუ იქცევი ასე, თორემ დაგცინებენ“; „თუ არ დამიჯერებ, იცოდე მამას (დედას) ვეტყვი!“; „რისი გეშინია, ამხელა კაცი ხარ უკვე!“; „უკვე დიდი ხარ და ასე არ უნდა მოიქცე!“; „კაცი ხარ უკვე, კაცები არ ტირიან!“; „თუ ასე მოიქცევი, წავალ და აღარ ვიქნები შენი დედიკო (მამიკო)!“.

იყო მშობელი რთულია, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ბავშვებისთვის ყველაზე ახლო და ხელშესახები იმედი თქვენ ხართ. თუ თქვენ მათთვის მხოლოდ დამსჯელი მშობელი იქნებით, ის ვერასდროს შეძლებს თავის პრობლემებთან გამკლავებას, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას.  თქვენი ემოციური მხარდაჭერა მისთვის ზურგის ქარია დაბრკოლებების ზღვაში, რომლებიც უხვად ელის ცხოვრების გზაზე. მოუსმინეთ შვილებს, გჯეროდეთ მათი, მიეცით უფლება იყონ ისეთები, როგორებიც თავად სურთ, მხარი დაუჭირეთ და ეს ყოველივე აუცილებლად იქნება მათი პიროვნული ზრდისა და წარმატების გარანტი.