თბილისის 2019 წლის მრავალმილიონიანი ბიუჯეტის პრიორიტეტები – რაზე დაიხარჯება თანხები

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ყველაზე დიდი თანხები გზებზე, მშენებლობებზე და შენობების გამაგრებით სამუშაოებზე, საქალაქო სამსახურების თანამშრომლების ხელფასებზე დაიხარჯება.
Sputnik

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 871,6 მილიონ ლარს შეადგენს, განსახილველად დედაქალაქის საკრებულოში შევიდა, განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ბრიფინგზე.

ვინ მიიღებს მილიარდებს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან>>>

აღნიშნული თანხა 10 მილიონით აჭარბებს თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტს.

ზარქუას განცხადებით, გათვალისწინებულია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების ზრდა.

„მინდა საზოგადოებისთვის განვმარტო, რომ მომავალში ოპოზიციის მხრიდან ამ თემაზე სპეკულაცია არ მოხდეს: 13 მილიონ ლარზე მეტი განკუთვნილია სესხის მომსახურებისთვის, რომელიც ავიღეთ ავტობუსების შესაძენად", – განაცხადა ზარქუამ.

გარდა ამისა, შესაძლებელია საქალაქო სამსახურების თანამშრომელთა ხელფასების ზრდა.

რამდენს დახარჯავს მთავრობა მომავალ წელს გზების მშენებლობა-შეკეთებაზე

„იგეგმება შრომითი ანაზღაურების მუხლის ზრდა, რაც, პროექტის მიხედვით, 86 მილიონ ლარს შეადგენს. ერთმნიშვნელოვნად მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთ თანამდებობის პირს, არც მერს და არც მის მოადგილეებს, არც საკრებულოს დეპუტატებს, არც საქალაქო სამსახურების უფროსებს ხელფასების მატება არ ეხებათ. აღნიშნული თანხა რიგითი თანამშრომლების ხელფასების მატებაზეა გათვლილი", – აღნიშნა ზარქუამ.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და აღდგენაზე გათვალისწინებულია 105,8 მილიონი ლარი, ხოლო ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაზე, ექსპლუატაციასა და ავარიულ შენობებზე გათვალისწინებულია 174 მილიონი ლარი.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტში კახეთის გზატკეცილის რეკონსტრუქციაც არის გათვალისწინებული – აეროპორტის სატრანსპორტო კვანძიდან ლოჭინის ხიდამდე და სარაჯიშვილის გამზირზე მდებარე ხიდამდე, ასევე უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა; დაახლოებით 10-მდე ხიდისა და ნაგებობის რეაბილიტაცია და ა.შ.

კალაძე: მიწისქვეშა კომუნიკაციების სარემონტო სამუშაოები ხარისხიანად უნდა ჩატარდეს>>>

კვლავ პრიორიტეტულია თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, რისთვისაც თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტიდან 93 მილიონი ლარი დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ბიუჯეტში შენარჩუნებულია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ყველა პრიორიტეტული პროგრამა. გარდა ამისა, გაიზრდება საბავშვო ბაღების დაფინანსება. 2019 წელს დედაქალაქს ექნება 10 ახალი ბაღი.

ზარქუას სიტყვებით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება. დოკუმენტში შესაბამისი კორექტივების შეტანის შემდეგ ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მერიას დაუბრუნდება.