თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში ყველაზე მეტი მხარდაჭერა ყოფილი მმართველ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" წევრს გრიგოლ ვაშაძეს აქვს, ასეთია ტელეკომპანია Rustavi2-ის დაკვეთით ამერიკული კომპანია Edison Research-ის სოციოლოგიური კვლევის შედეგები.
28 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერს მხარს.
კითხვაზე, „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას", გამოკითხულთა 41%-მა ვაშაძე, ხოლო 36%-მა ზურაბიშვილი დაასახელა. გამოკითხულთა კიდევ 15%-მა განაცხადა, რომ ჯერ არ იციან, ხოლო 8% ხმას არც ერთ კანდიდატს არ აძლევს. შედეგები ალოკაციის (არასაკმარისი რესურსების განაწილების სისტემა) გათვალისწინებით იქნა წარმოდგენილი.
სრული ალოკაციის თანახმად, 56%-მა უპასუხა, რომ ვაშაძეს დაუჭერდნენ მხარს, ხოლო 44%-მა ზურაბიშვილზე გააკეთა არჩევანი.
კვლევის ფარგლებში პირდაპირი ინტერვიუს გზით 2 ათასი ამომრჩეველი გამოიკითხა.
არჩევნების პირველი ტური ციფრებში – ლიდერთა სამეული
საპრეზიდენტო კანდიდატები | გამოკითხვა | ეგზიტპოლი | ცესკოს მონაცემები |
გრიგოლ ვაშაძე | 37% | 40% | 37,74% |
სალომე ზურაბიშვილი | 32% | 40% | 38,64% |
დავით ბაქრაძე | 16% | 10% | 1„0,97% |
კანონმდებლობის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არაუგვიანეს 2 დეკემბრისა უნდა გაიმართოს. წინასწარი ინფორმაციით, კენჭისყრის დღედ შეიძლება 28 ნოემბერი დასახელდეს.
მმართველ პარტიას ჯერ არ გაუკეთებია განცხადება საზოგადოებრივი კვლევის შესახებ, როგორც ეს არჩევნების პირველ ტურამდე გააკეთა.