თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. უახლოეს წლებში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპები დაჩქარდება და საშუალო მაჩვენებელი წელიწადში 5%-ს შეადგენს, შედეგად კი ქვეყანა ამ მაჩვენებლით რეგიონის ლიდერი გახდება, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენის დროს.
მიმდინარე წლის ბიუჯეტის თანახმად, ქვეყნის დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა 4.5% უნდა ყოფილიყო, თუმცა ცხრა თვეში საქართველოს ეკონომიკა 4,9%-ით გაიზარდა.
„ცხრა თვის წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 4,9 პროცენტს შეადგენს. განახლებული პროგნოზით მიხედვით, მიმდინარე წელს ეკონომიკის რეალური ზრდა 5,0 პროცენტი იქნება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, 2019 წლის პროგნოზთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან აქტიურ კონსულტაციებს ახორციელებდა.
„2019 წელთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები გვქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელთან ერთადაც გაანალიზებულ იქნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციები საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში, ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, რის შემდეგაც გადავწყვიტეთ, ბიუჯეტი დაიგეგმოს ეკონომიკური ზრდის 4.5 პროცენტიან პროგნოზზე. იმ შემთხვევაში, თუ ფაქტიურად უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ჩვენ მზად ვართ მომდევნო წლის შუა პერიოდში ბიუჯეტის კორექტირება მოვახდინოთ“, – აღნიშნა მინისტრმა.
როდის მიიღებს საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგ ტრანშს >>
ფინანსთა სამინისტრომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე მეორედ წარადგინა. პირველად ეს მოხდა ოქტომბერში, შემდეგ კი პარლამენტმა დოკუმენტი მთავრობას დასახვეწად გადასცა.