ინციდენტი თბილისის მეტროში: მამაკაცი ლიანდაგზე ჩავარდა

ტრაგედიის თავიდან აცილება მემანქანის წყალობით მოხერხდა, რომელმაც მატარებლის გაჩერება შეძლო.
Sputnik

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. შუახნის მამაკაცი მეტროს სადგურ „ისანში“ პერონიდან ლიანდაგზე ჩავარდა, იუწყება Новости-Грузия თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე დაყრდნობით.

თბილისში მეტროს ახალი მიწისზედა სადგურები გაიხსნება >>

ქართულ ლექსებს ბრიუსელის მეტროს ვაგონებში კითხულობენ

ინციდენტი დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა. სატრანსპორტო კომპანიის მონაცემებით, სავარაუდოდ, მომხდარის მიზეზი მგზავრის უყურადღებობა გახდა, რომელიც პერონის კიდეს ზედმეტად მიუახლოვდა და გადავარდა.

ამ მომენტში გვირაბიდან მატარებელი გამოდიოდა, თუმცა მემანქანემ მატარებლის გაჩერება დროულად შეძლო.

მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა მყისვე გათიშეს ძაბვა და მამაკაცი პერონზე ამოიყვანეს. მამაკაცს სერიოზული ტრავმა არ მიუღია, მაგრამ  ადგილზე „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადა მაინც გამოიძახეს.

მამაკაცის ლიანდაგზე ჩავარდნამ რამდენიმე წუთით მეტროს მუშაობა შეაფერხა, თუმცა მოძრაობა მალევე აღდგა და ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.