თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ბრალდებით 3 პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ინფორმაციით, დ.ხ.-მ და ი.ა.-მ ქალაქ ბათუმში, მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა ნივთები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ორივე პირი მომხდარიდან 2 დღეში დააკავა.
რაც შეეხება მესამე დაკავებულს, სამართალდამცველებმა ნ.უ.-ს პირადი ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული ნაქურდალი ნივთები, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინის და ავტომანქანის ჩხრეკისას დანარჩენი ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
უწყების ინფორმაციით, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მათ მიერ ქალაქ ბათუმში ჩადენილი არაერთი ბინის ქურდობის საქმეზე მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 186-ე მუხლებით.
იორმუღანლოში TBC ბანკიდან TBC PAY-ის აპარატი მოიპარეს >>
აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას თვალისწინებს.
ტელეკომპანია „რუსთავი2–ის“ ინფორმაციით, სახლი, რომელიც ბრალდებულებმა გაქურდეს, აჭარის სუს-ის უფროსს, ირაკლი ერისთავს ეკუთვნის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნაქურდალი ნივთების ღირებულება 20 ათას ლარს აჭარბებს.