სმიტების მკვლელობა: მალხაზ კობაურს ბრალი დაუმძიმდა

საზარელ მკვლელობაში ბრალდებულს 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემს მალხაზ კობაურს ბრალი დაუმძიმდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სმიტების მკვლელობა: საქმეში ახალი დეტალები გამოჩნდა>>>

მთავრი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,   გამოძიების მიერ მიღებული ექსპერტიზის დასკვნების შემდეგ, კობაურის ბრალდებას  ლარა  სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა  დაემატა.

რაიან სმიტის, მისი მეუღლის, ლარას და მათი 4 წლის შვილის ცხედრები ივლისის დასაწყისში ხადას ხეობაში იპოვეს. 

სმიტების ოჯახის მკვლელი ნასვამი იყო: საქმის ახალი დეტალები გაჩნდა
ოფიციალური მონაცემებით, ბავშვის სამარხზე პოლიციას თავად კობაურმა მიუთითა, რომელიც ცოლ-ქმრის ცხედრების აღმოჩენიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

„მალხაზ კობაურს უკვე ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა  სმიტის გაუპატიურება“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ივლისის ბოლოს გავრცელდა ცხედრების ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ლორა სმიტს სიკვდილის წინ კობაურთან სქესობრივი კონტაქტი ჰქონია. ამის შემდეგ მედიაში ქალის გაუპატიურების შესახებ ალაპარაკდნენ. კობაურის ადვოკატის გადაწყვეტილებით მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ მას სქესობრივი კავშირის დამყარება არ შეუძლია.

მომდევნო წინასწარი სასამართლო მოსმენა 19 ნოემბერს არის ჩანიშნული.

რაც შეეხება საქმის მასალებს, გამოძიების მონაცემებით, 4 ივლისს, ხადას ხეობაში კობაური შეხვდა სმიტების ოჯახს, რომელმაც მას ჩანჩქერამდე გაყოლა სთხოვა. გზაში რაიან სმიტს შეკამათება მოუვიდა მწყემსთან, რომელიც მასზე განაწყენდა და სანადირო თოფიდან ორი გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 

სმიტების ოჯახის მკვლელობა – ბრალდებული სქესობრივი უძლურების შესახებ აცხადებს>>>

ამის შემდეგ მწყემსმა გადაწყვიტა მოეკლა ბავშვი და ლორა სმიტი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. მაშინ ბრალდებულმა ბავშვს მიბჯენით ესროლა და მოკლა.

მკვლელობაში ბრალდებულმა რაიან სმიტის ცხედარი და მასრები მდინარეში გადაყარა, ხოლო ბავშვის ცხედარი და მათი პირადი ნივთები პატარა ქვაბულში გადამალა.

ლორა და რაიან სმიტები საქართველოში აშშ-დან ექვსი წლის წინ გადმოვიდნენ. ისინი მარნეულის რაიონში ცხოვრობდნენ. 2012 წელს ამერიკულ მოქალაქეობასთან ერთად, მათ საქართველოს მოქალაქეობაც მიიღეს. დუშეთში ოჯახი დასასვენებლად და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების სანახავად გაემგზავრა.

კობაურის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად მწყემსი აცხადებს, რომ უდანაშაულოა.