საქართველოს ხუთი სოფლის გაზიფიცირება დასრულდა

სამეგრელოს რეგიონის ყველა დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება ორი წლის განმავლობაში მოხდება
Sputnik

თბილისი,  9 ნოემბერი  — Sputnik.  სენაკის რაიონის ხუთი სოფელი – შუა ნორისი, ნორისი, ახალსოფელი, საგვარამისო და თეკლათი ქვეყნის გაზმომარაგების ერთიან სისტემას შეუერთდა, შესაბამისად, 1 345 აბონენტს სახლში ბუნებრივი აირი გაუჩნდა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

რეგიონის გაზიფიცირების პროცესს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა და სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია გაეცნენ.  სოფელ თეკლათში თურნავამ ასევე მონაწილეობა მიიღო ბუნებრივი აირის პირველად ანთების ტრადიციულ ცერემონიაში.

 „წლებია, თეკლათის მოსახლეობას გაზი არ ჰქონია. ეს პრობლემა უკვე აღმოფხვრილია, ამისთვის დიდი მადლობა ხელისუფლებას და მაჟორიტარ დეპუტატს. იმედია, ყველა პრობლემა ასე დროულად მოგვარდება“, – განაცხადა თეკლათის მცხოვრებმა მაია ჯინჯოლიამ.

ქართული გაზსადენი რეგიონებში აზერბაიჯანულ კომპანიას მიჰყიდეს>>>

თურნავას სიტყვებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში უპრეცედენტო ტემპით მიმდინარეობს გაზიფიცირება. ამ პროცესში კერძო კომპანიებთან და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკართან“ ერთად,  ჩართულია სახელმწიფო – მარტო ბოლო სამი წლის განმავლობაში გაზიფიცირებისთვის 160 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.  

მაღალმთიან აჭარაში მაგისტრალური გაზსადენი აშენდება

 „დღეის მაჩვენებლებით ქვეყანაში მომხმარებლების 86%-ს გაზი მიეწოდება, ეს არის 1000-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, 400 ათასამდე აბონენტი. სამომავლოდ ჩვენს გეგმებს რაც შეეხება - უახლოეს 3 წელში 200 მილიონი  ლარი კიდევ დაიხარჯება იმისთვის, რომ საქართველოში გაზიფიცირების პროცესი დასრულდეს და ჩვენი მოსახლეობის პრაქტიკულად უდიდეს ნაწილს მიეწოდებოდეს ბუნებრივი აირი“, - განაცხადა ნათია თურნავამ. 

რეგიონის გუბერნატორი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ამ კუთხეში გაზიფიცირების პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება.

 „ზოგადად, ჩვენი მოსახლეობისთვის მწვავედ დგას გაზიფიცირების პრობლემა - გამოტოვებულია სოფლები და დასახლებული პუნქტები. ჩვენ ამ საკითხებს ეტაპობრივად ვწყვეტთ - ორ წელში სამეგრელოს რეგიონის ყველა დასახლებული პუნქტი გაზიფიცირებული იქნება“, - აღნიშნა მოწერელიამ.

ბუნებრივი აირი უნდა მიიღოს სენაკის კიდევ ხუთმა სოფელმა  – გეჯეთი, ნოქალაქევი, ძველი სენაკი, ზედა სორტა და ქვედა სორტა. ეს ჯამში 1 ათას 580  აბონენტია.  ძველი სენაკის, ზედა სორტასა და ქვედა სორტას მოსახლეობა უკვე წლის ბოლოსთვის შეძლებს ბუნებრივი აირის ერთიან სისტემაში ჩართვას. 

ვინ დააფინანსებს გაზსაცავის მშენებლობას საქართველოში

 „ბოლო ორი  წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად სენაკის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა - 3,5 ათასზე მეტი ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება. კონკრეტულად სოფელ თეკლათში 256 ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს. მნიშვნელოვანია, რომნ ეს სამუშაოები 2019 წელსაც გაგრძელდეს, ჩვენ შეთანხმებული ვართ კონკრეტულ გეგმაზე როგორც სოფლებში, ასევე ქალაქის იმ უბნებში, რომლებსაც ბუნებრივი აირი არ მიეწოდება“, – განაცხადა სენაკის  მაჟორიტარმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ირაკლი ბერაიამ.

თეკლათში შეხვედრის დასრულების შემდეგ თურნავამ სოფელ ნორისში გაზსადენის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო, რომლის დასრულების შემდეგაც 256 კომლი მიიღებს ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლებლობას. 

SOCAR–ი  ამჟამად საქართველოში ბუნებრივი აირის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ძირითადი მომწოდებელია.

SOCAR Georgia Gas–მა საქართველოში 2008 წლიდან 290 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება და 250 ათასი აბონენტის გაზიფიცირება მოახდინა.  მთელი ქვეყნის მასშტაბით კომპანია  დღესდღეობით ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფს 590 ათას  აბონენტს.