თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. მესტიაში, სოფელ იელში ადგილობრივები ქიმიური მეთოდით ოქროს მოპოვების შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ოქროს მომპოვებელი კომპანია „ოპტიკალ სერვისი“ ოქროს მოპოვებას ქიმიური მეთოდით 2005 წლიდან ეწევა. სამუშაოები რამდენიმე წელი გაჩერებული იყო, თუმცა მათ საქმიანობა 2016 წელს ისევ განაახლეს.
მათი მტკიცებით, ოქროს წარმოებისას ისეთ ასაფეთქებელ საშუალებას იყენებენ, რომელიც სიცოცხლისათვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს, რაც ადამიანზე, ბუნებასა და ზოგადად ხეობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს.
ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ ქიმიური გზით ოქროს მოპოვება ბუნებას მძიმე ეკოლოგიურ ზიანს აყენებს და ეს არა მხოლოდ სოფელ იელის, არამედ მთელი სვანეთისა და, შესაბამისად, მთელი ქვეყნის პრობლემაა.
აქციაზე დაახლოებით 100 კაცია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც.
„არა ჰესებს , არა სვანეთის დატბორვას“ - საპროტესტო აქციები მესტიასა და თბილისში >>
აქციის მონაწილეების თქმით, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელი ხასიათისაა და იმ შემთხვევაში, თუ ოქროს წარმოების სამუშაოები განახლდება, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.