საავტომობილო გზის გახსნამდე თუშეთში ავიარეისი შესრულდება

ვერტმფრენი სოფელ ომალოში კვირაში ერთხელ იფრენს
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. თუშეთში, გასული წლის მსგავსად, საავტომობილო გზის გახსნამდე ვერტმფრენი ყოველკვირეულ რეისებს შეასრულებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi ახმეტის მერის მოადგილეზე დაყრდნობით.

თუშეთის გზაზე საავტომობილო მოძრაობა გაზაფხულამდე აიკრძალა >>

თუშეთის მიმართულებით საავტომობილო მაგისტრალი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე მოსალოდნელი უამინდობის გამო ყოველ წელს იკეტება.

ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, მესაზღვრეების გარდა, ვერტმფრენი მთაში დარჩენილ ადამიანებსაც მოემსახურება. მისი განცხადებით, ფრენები კვირაში ერთხელ სოფელ ომალოში განხორციელდება.

როგორ ვიმოგზაუროთ იაფად და ხუთი ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ საქართველოში

„მესაზღვრეების როტაციის გარდა, ეს დიდი დახმარებაა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, რომ მათ დანარჩენ საქართველოსთან კავშირი ჰქონდეთ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მთაში დარჩენილი ადამიანების დახმარებას. გასულ კვირასაც ერთი რეისი უკვე შესრულდა“, - განაცხადა ნასყიდაშვილმა.

თუშეთში ყოველკვირეული რეისები მესამე წელია ხორციელდება.

თუშეთის გზა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა საქართველოში. დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ის  ოქტომბერში თითქმის 7 თვით იკეტება.  ამ პერიოდში თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. ეს ერთადერთი გზაა, რომელიც თელავის რაიონს მაღალმთიან სოფელ ომალოსთან აკავშირებს. მისი სიგრძე 72 კილომეტრს შეადგენს.

თუშეთში 52 სოფელია, რომელთა დიდი ნაწილი დაცლილია. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მთელს თუშეთში 47 ადამიანი ცხოვრობს,  ზამთარში კი იქ  დაახლოებით 25 ადამიანი რჩება.