თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის პორტში გერმანიის, თურქეთის, ესპანეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის საფლაგმანო ხომალდები შევიდნენ, ნათქვამია აჭარის მთავრობის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ხომალდები ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის შემადგენლობაში შედიან. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ბათუმის პორტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ.
„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს ურყევ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ. საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში არსებული პროგრესი ხელს შეუწყობს ჩვენ რეგიონში, ზოგადად, ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაღრმავებას", – განაცხადა რიჟვაძემ.
ნატოს სამხედრო ხომალდები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან ერთად სხვადასხვა სწავლებასა და წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიებების მიზანია საქართველოს და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება.
ნატოს ხომალდები საქართველოში 5 ნოემბრამდე გაჩერდებიან.