„საქართველოში ფსონი ბევრ რამეზე არის დადებული“ – PACE-ს წარმომადგენელი მეორე ტურის შესახებ

PACE-ს დამკვირვებელმა განმარტა, რატომ შესუსტდა საქართველოში მმართველი პარტიის მხარდაჭერა
Sputnik

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მომენტისთვის ქვეყანაში განწყობების პოლარიზაცია გაძლიერდება, რადგან ფსონზე ბევრი რამ არის დადებული, განაცხადა PACE-ს დელეგაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ხუნკომ Sputnik-Deutschland-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

როგორ ჩატარდა არჩევნები საქართველოში - OSCE, PACE და სხვა ორგანიზაციების შეფასებები >>

საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც კვირას, 28 ოქტომბერს გაიმართა. ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვეს სალომე ზურაბიშვილმა (38,64%) და გრიგოლ ვაშაძემ (37,73%). ზურაბიშვილს მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", ხოლო ვაშაძე არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" წევრი. რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა 50%-ზე მეტი ხმა, რომელიც პირველ ტურში გამარჯვებისთვის იყო საჭირო, ქვეყანაში მეორე ტური გაიმართება.

„მე ვფიქრობ, რომ მმართველმა პარტიამ სოციალური სიტუაციით უკმაყოფილების დონე ვერ შეაფასა. რაც შეეხება მეორე რაუნდის მოლოდინს, მე ვფიქრობ, რომ განწყობების პოლარიზაცია კიდევ უფრო გაიზრდება. ფსონი ძალიან ბევრ რამეზე არის დადებული. პრინციპში ეს ორი ოლიგარქის პარტიის დაპირისპირებაა - სააკაშვილის და ივანიშვილის“, - განაცხადა ხუნკომ.

ხუნკოს თქმით, ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოში შეიძლება დაბრუნდეს მისი თანამოაზრე მიხეილ სააკაშვილი, რომელზეც ამჟამად სახელმწიფოთაშორისი ძებნაა გამოცხადებული და რომელიც იძულებულია დარჩეს ნიდერლანდებში.

მამუკა ბახტაძე: ამ არჩევნებმა ბევრი რამ დაგვანახა

„სააკაშვილის დროს საქართველოში ათასობით ადამიანი პოლიტიკური მოტივით გასამართლდა - ციხეები გადაჭედილი იყო. გარდა ამისა, მის დროს გამოიყენებოდა წამება. და ადამიანებს ეს, რა თქმა უნდა, ახსოვთ“, - აღნიშნა დამკვირვებელმა.

მიუხედავად ამისა, სოციალურმა უკმაყოფილებამ გამოიწვია ის, რომ ბევრმა ადამიანმა ხმა მისცა ოპოზიციას ვაშაძის სახით, მიიჩნევს PACE-ს დელეგაციის ხელმძღვანელი.

„ბევრ ადამიანს ვესაუბრე და მათ მიამბეს: არაფერი იცვლება. პენსია - 180 ლარია თვეში. უმუშევრობის დონე მაღალია. ბევრი ტოვებს საქართველოს. ქვეყანა სერიოზულად განიცდის „ტვინების გადინების“ პრობლემას. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის და სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდა“, - განაცხადა ხუნკომ.

არჩევნების საბოლოო შედეგებს ცესკო 17 ნოემბრამდე გამოაცხადებს, ორი კვირის შემდეგ კი მეორე ტური გაიმართება.